საზოგადოება
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველო-რუსეთის შესახებ რეზოლუცია მიიღო

1-pace-sazogadoeba3საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. გუშინ, 2013 წლის 23 იანვარს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე განიხილეს მიგრაციის ლტოლვილთა და მოსახლეობის კომიტეტის მომხსენებელ თინა აკეტოფტის მიერ მომზადებული ანგარიში რუსეთ-საქართველოს ომის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ, რომელიც მომხსენებელმა საქართველოში გასული წლის სეტემბერსა და დეკემბერში განხორციელებული ვიზიტების შედეგად მოამზადა.

ანგარიშის განხილვის შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია საქართველო და რუსეთი: ჰუმანიტარული სიტუაცია ომისგან დაზარალებულ რეგიონებში ( Georgia and Russia: the humanitarian situation in the conflict- and war-affected areas Doc 13083).

მოცემული რეზოლუცია განსხვავდება პოლიტიკური რეზოლუციებისაგან „რუსეთსა და საქართველოს შორის ომის შედეგების შესახებ“ (1633 (2008) და 1683 (2009)) იმით, რომ ის ყურადღებას ამახვილებს იმ პრობლემებზე, რაც ხელს უშლის ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანების უფლებების დაცვასა და განხორციელებას.

ევროპის საბჭოს ამჯერად მიღებულ დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება დევნილების პრობლემატიკას. ამავე დროს, დოკუმენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსულ მხარეს, უპირობოდ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით აღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ჩანაწერი ევროპის საბჭოს არცერთ ჰუმანიტარუილი სახის რეზოლუციაში არ ყოფილა აქამდე დაფიქსირებული.

ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება დღემდე დიდწილად უგულებელყოფილია და მოუწოდებს მხარეებს:

– შეასრულონ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ჰუმანიტარულ საკითხებზე მიღებული წინა, 1648 (2009) 1664 (2009) რეზოლუციები და შესაბამისი რეკომენდაციები; ინტენსიურად იმუშაონ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს; შეინარჩუნონ დევნილებისა და ლტოლვილები საკითხი ჟენევის მოლაპარაკებების მეორე ჯგუფის დღის წესრიგში; უზრუნველყონ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე; უზრუნველყონ ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლება; დაიცვან გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრებთა უფლება მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე; უზრუნველყონ კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების შესახებ ინფორმაციების საერთაშორისო გამოძიება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება რეზოლუციის დეტალურ მიდგომას ჰუმანიტარული პრობლემებისადმი და გამოთქვამს იმედს, რომ ევროპის საბჭოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით მოხერხდება მასში მოყვანილ პრობლემებზე რეალური პროგრესის მიღწევა, მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის განხილვისას საპარლამენტო ასამბლეამ გაითვალისწინა ქართული დელეგაციის მიერ წარდგენილი შენიშვნები.