აქტუალური
პრემიერი ივანიშვილი „რუსულ საუზმეზე“ მიიწვიეს

1-rusuli-sauzme-aqtuaa1საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იგი  25 იანვარს მიწვეულია „რუსულ საუზმეზე“, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართება. მისივე თქმით, თუ დიმიტრი მედვედევს შემთხვევით არ შეხვდა, დაგეგმილი არაფერია.

„ამ ფორუმს დაესწრებიან ბიზნესელიტის წარმომადგენლები. მე მაინტერესებს  ინვესტიციები და ამ კუთხით იქ ბევრი ნაცნობი იქნება. თუ შემთხვევით რამე მოხდა, გეცოდინებათ“, – განაცხადა ივანიშვილმა, რომლის სიტყვების ციტირებას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ახდენს.

უწინ საქართველოს საგარეო უწყება აცხადებდა, რომ ივანიშვილი დავოსში რუსეთის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან, მათ შორის, თავის კოლეგა დიმიტრი მედვედევთან, რომლის მონაწილეობა ფორუმის მუშაობაში მხოლოდ 23-24 იანვარსაა დაგეგმილი, შეხვედრას არ გეგმავდა.