პოლიტიკა
პრემიერის კომენტარი დავოსში ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ

1-komentari-politikaa2საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვიცეპრემიერობიდან ალასანიას გადაყენებას  დავოსიდან გამოეხმაურა. პრემიერის თქმით, ალასანიას მოუვიდა შეცდომა , როცა საპრეზიდენტო კანდიდატურის განხილვა თავის პარტიასთან დაიწყო. მისი თქმით, მოხდა ელემენტარული გაუგებრობა – მან საკუთარი გუნდის წევრებთან განიხილა საკითხი, რამდენად იყო შესაძლებელი საკუთარი კანდიდატურის წამოყენება პრეზიდენტის პოსტზე.

ივანიშვილის განმარტებით, ჯერ არ იცის, ვინ იქნება ალასანიას შემცვლელი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ირაკლი ალასანიასთან იმავე ურთიერთობას ინარჩუნებს, რაც ჰქონდა. პრემიერის თქმით, თავდაცვის მინისტრი მომხდარს გაგებით მოეკიდა. „მოხდა ელემენტარული გაუგებრობა, რაც შეიძლება ნებისმიერ პოლიტიკოსს მოუვიდეს, მან მოახერხა და თავის ვიწრო წრეში დაიწყო განხილვა, ამ გუნდმა ეს ინფორმაცია გაიტანა“. მისი განმარტებით, ამის თაობაზე ერევანში ჟურნალისტი უკვე ეკითხებოდა და გაუგებრობა იმით ახსნა, „თუ როგორ იგებენ შიგნით ნათქვამს ერთი კუთხით და როგორ გადის ეს გარეთ... გუნდმა ეს გაიტანა და სულ სხვაგვარად გავრცელდა რეგიონებში“.

ამასთან, პრემიერმა განმარტა, რომ ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტზე გაცილებით სერიოზული საქმეები აქვს საკეთებელი: „ირაკლისთვისაც ეს ცუდი არ იქნება, რადგან მეტ ყურადღებას გადაიტანს თავდაცვის სამინისტროზე, რომელიც ძალზე სერიოზული სამინისტროა – ნატოსთვის ვემზადებით, მოგეხსენებათ, ნატოს პროგრამებზე მუშაობს და მას ბევრი სამუშაო აქვს“. თუმცა იქვე დასძინა: „კოალიციას არავინ აურჩევია, კოალიცია არის ერთიანი, ირაკლი არის ჩვენი გუნდის წევრი“.

ცნობისათვის: „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც საპრეზიდენტო რესპუბლიკას უჭერს მხარს.