სამართალი
ვახტანგ მაისაიამ ნატოს მისიის ხელმძღვანელობას მიმართვა გადასცა

1-maisaia-samarTali1საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. ჯაშუშობასა და სახელმწიფო ღალატში ყოფილმა მსჯავრდებულმა, ამჟამად კი პოლიტპატიმრის სტატუსით ამნისტირებულმა ვახტანგ მაისაიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მან თბილისში ნატოს მისიის ხელმძღვანელობას ანდერს ფოგ რასმუსენის სახელზე ოფიციალური მიმართვა გადასცა.

მისი განმარტებით, მიმართვაში აღწერილია ის მომენტები, რაც მისი პოლიტიკური დევნისა და დაპატიმრების ფაქტებს ასახავს და, ასევე, თუ რა ბრალდება იყო წაყენებული მის მიმართ იმდროინდელი ქართული სპეცსამსახურების მიერ, რომელსაც „კურირებდა აწ უკვე მოქალაქე, მაშინ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“. მაისაიამ წარმოადგინა დოკუმენტი იმ საქმიდან, რომლითაც 2005 წელს დაადანაშაულეს და იქვე თვალსაჩინოდ განმარტა, რომ დოკუმენტში რუსეთის სადაზვერვო სამსახური გაკვრითაა ნახსენები, მთავარი აქცენტი კი გაკეთებულია სლოვაკეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობის ფაქტზე.

მაისაიას განცხადებით, ასეთი სამსახური რეალურად არ არსებობს: „ეს დოკუმეტი დადასტურებაა იმ ფაქტისა, რომ მიხეილ სააკაშვილი მაბრალებდა ნატოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას, რაც სრული ანაქრონიზმია და ეწინააღმდეგება იმ ოფიციალურ განცხადებებს, რომელთაც აკეთებდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი, რომ ის იყო პროატლანტიკური, ანუ პრონატოს კურსის მომხრე პრეზიდენტი“.