საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ვიცე-პრემიერის პოსტიდან გადააყენეს. მისი გადაყენების შესახებ ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა 21 იანვარს მოაწერა ხელი და ის უკვე მთავრობის საიტზეა გამოქვეყნებული, თუმცა, მიზეზი მითითებული არ არის.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის წევრს ირაკლი ალასანიას შეუწყდეს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის №24 ბრძანებაში.აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ირაკლი ალასანიასა და პრემიერ ივანიშვილს შორის საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით „მძიმე საუბარი“ გაიმართა, რის შესახებაც თავად ალასანიამ გუშინ, 22 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქცენტებში“ სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, პრემიერი გარკვეულწილად შეშფოთებული იყო იმით, რომ ამ საკითხის განხილვა მასთან შეუთანხმებლად ხდებოდა.
„მე ვეთანხმები მას, რომ ეს საკითხი უნდა იყოს კოალიციასთან, მის ლიდერთან შეჯერებული. აქედან გამომდინარე, იყო საუბარი ამ თემაზე. მე არ მესიამოვნა, რომ ასეთი უხერხულობის მიზეზი გაჩნდა“, – აღნიშნა მაშინ ალასანიამ, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ეს იყო ჯანსაღი დიალოგი ხელმძღვანელსა და მის გუნდს შორის, რადგან „რომ არ იყოს ასეთი საუბრები, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი“.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობებით, ეკა კვესიტაძის გადაცემაში სტუმრობის დროს მან ჯერ კიდევ არ იცოდა პრემიერ ივანიშვილის ზემოაღნიშნული ბრძანების შესახებ.
თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ვიცე-პრემიერის პოსტის დატოვებაზე გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან ერთად მიიღო. მისი თქმით, ხსენებულ საკითხზე საუბარი პრემიერსა და მას შორის 2 დღის წინ გაიმართა. ალასანიამ გამოთქვა სურვილი ვიცე-პრემიერის პოსტის დატოვების შესახებ, ხოლო პრემიერმა ეს სურვილი დააკმაყოფილა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ამჟამად საქართველოს მთავრობაში მხოლოდ ერთი ვიცე-პრემიერი – ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რჩება.