საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დასრულდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება, რომლის ორგანიზატორი მოძრაობა „პატრიოტები“ იყო. რესპუბლიკის ხელმძღვანელს მხარი 2 მილიონამდე ადამიანმა დაუჭირა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ მოძრაობა „პატრიოტებმა“ იანვრის დასაწყისში „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა პეტიცია სააკაშვილის მხარდასაჭერად, რომლის გადაყენებასაც ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნება“ და ზოგიერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვდა. პეტიციაში აღნიშნული იყო, რომ სააკაშვილი კანონიერად არჩეული პრეზიდენტია და მისი უფლებამოსილებანი კონსტიტუციით არის გარანტირებული.მოძრაობა „პატრიოტების“ ლიდერ გიორგი მაზმანიანის განცხადებით, „უხეში გათვლით პეტიციას ხელი მოაწერა 1 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა სოციალურ ქსელებში ორი კვირის განმავლობაში“. „პატრიოტების“ წევრები პეტიციასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებას „კარდაკარის“ პრინციპითაც გეგმავენ.
აღნიშნული აქციის ორგანიზება „პატრიოტებმა“ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების საპასუხოდ მოახდინეს. „გადავწყვიტეთ, რომ იმ მოსახლეობას, რომელსაც საპირისპირო აზრი გააჩნია და ემხრობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისი კონსტიტუციური ვადის ამოწურვას, ჰქონოდა შესაძლებლობა, გამოეხატა საკუთარი აზრი თუნდაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სოციალური ქსელების მეშვეობით“, – აღნიშნა მაზმანიანმა.
მოძრაობა „პატრიოტების“ გუშინდელი განცხადებით, „პეტიციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პეტიციაზე და მის გვერდზე განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს მასიური შეტევა“, რაც შეუძლებელს გახდის შედეგების ხელახლა გადათვლას, რის გამოც მოძრაობამ მოითხოვა, შეწყდეს „ეს აღვირახსნილი ქმედება“.
არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ინტერნეტ-დივერსანტების მორიგი ნამუშევარია, რომლის შესახებაც არაერთხელ იუწყებოდა საქინფორმი, რადგანაც ისინი სოცქსელებში უამრავ გვერდსა და IP-მისამართების დიდ რაოდენობას ფლობენ მსგავსი ფლეშმობებისათვის!