პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

1-davos-politika1საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს  დავოსს ეწვევა.  ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა სესიაზე „ახალი გამოწვევა ცენტრალური აზიისთვის“, სადაც ის, სხვა მომხსენებლებთან ერთად, ენერგოსექტორის უპირატესობებზე, ეკონომიკური ზრდის პოტენციალსა და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის გამოწვევებზე ისაუბრებს.

დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოში წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთანაც.

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი დაესწრება პროფესორ კლაუს შვაბისა და ქალბატონ ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებულ კერძო მიღებასა და სადილს.

საქართველოს დელეგაციაში  შედიან ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საპარტნიორო ფონდისა და საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები.