პოლიტიკა
ლებედევი: „საქართველოსთვის დსთ-ის კარი ღიაა“

1-dstსაქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. დსთ-ის აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა სერგეი ლებედევმა მინსკში დსთ-ის ქვეყნების სრულუფლებიანი წარმომადგენლების სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ დსთ-ში საქართველოს დაბრუნება ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა.

„თანამეგობრობის სახელმწიფოები, ბუნებრივია, საქართველოს დსთ-ში დაბრუნების გადაწყვეტილებას მოიწონებდა და არა მგონია, ამას ხელი შეუშალონ“, – აღნიშნა ლებედევმა ბელარუსის მხარის წინადადების კომენტირებისას დსთ-ის შემადგენლობაში საქართველოს დაბრუნების თაობაზე. „საქართველოსთვის დსთ-ის კარი ღიაა“, – დასძინა მან.

ამასთან, ლებედევმა აღნიშნა, რომ ყველაფერი საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. „მე რეალისტი ვარ და ვიცი, რომ საქართველო ახლა თავს იკავებს ნაბიჯებისგან, რომლებიც დსთ-ში მისი დაბრუნებისკენ იქნება მიმართული. თუმცა, ვნახოთ“, – განაცხადა მან და საზოგადოებას შეახსენა, რომ დსთ-ის ქვეყნების კონტაქტი საქართველოს ხელმძღვანელობასთან ორმხრივ საფუძველზე შენარჩუნებულია, ხოლო მრავალმხრივი კონტაქტის შესაძლებლობას დრო უჩვენებს.

საქინფორმის მითხველს შევახსენებთ, რომ დსთ-დან საქართველოს გამოსვლის თაობაზე განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ გააკეთა. ქვეყნის მეთაურის ინიციატივას მხარი დაუჭირა პარლამენტმაც და 18 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დსთ-ის აღმასრულებელ კომიტეტს თანამეგობრობიდან ქვეყნის გასვლის თაობაზე აცნობა.