საზოგადოება
ილია II: „რუსეთს სჭირდება ერთიანი საქართველო და საქართველოს სჭირდება ერთიანი რუსეთი!“

1patriarqi-sazo1-reli1საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსეთში იმყოფება. მოსკოვში მართლმადიდებელი ქრისტიანების ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე, რომელსაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი ხელმძღვანელობდა, მან განაცხადა: მრავალი საუკუნეების მანძილზე საქართველომ უზარმაზარი გამოცდები გადაიტანა, თუმცა, სირთულეებს ყოველთვის უმკლავდებოდა... ეს პრემია ქართული ეკლესიის და ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც კომუნისტური მემკვიდრეობის მიუხედავად, ღმერთის ღრმა სიყვარული გამოავლინა, აღადგინა და ააშენა ათაობით ეკლესია, მონასტერი და მასთან ერთად სულიერება აღადგინა.

კათოლიკოს-პატრიარქი თვლის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დღეს არსებული სახელმწიფოთაშორის დაძაბული ურთიერთობა განპირობებულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხით. „მე არაერთხელ განმიცხადებია რუსეთის სახელმწიფო პირთათვის, რომ რუსეთს სჭირდება ერთიანი საქართველო და საქართველოს სჭირდება ერთიანი, ძლიერი რუსეთი! ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. ამიტომ ეს საკითხი, ადრე თუ გვიან, უნდა გადაწყდეს. ღმერთის დახმარებით, ბრძენი და მამაცი ადამიანების დახმარებით, როგორც საქართველოში, ასევე, რუსეთში და, ბუნებრივია, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი იქნება ყველასთვის“.

დღეს ილია მეორე და რუსეთის პატრიარქი ერთად კრემლის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში  წირვას აღავლენენ. ვიზიტის ფარგლებში პატრიარქი ხვალ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

უწმინდესი საქართველოში 26 იანვარს დაბრუნდება.