სამართალი
აფხაზეთში დედ ჰასანის მოწინააღმდეგე მოკლეს

1-astik-ucxსაქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. აფხაზეთში მოკლეს კანონიერი ქურდი ასტამურ გულია (ასტიკ სუხუმსკი), რომელიც მოსკოვში 16 იანვარს ჩაცხრილული ასლან უსოიანის (დედ ჰასანის) მოწინააღმდეგეთა რიცხვში შედიოდა. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა lenta.ru იტყობინება.

31 წლის გულიას სოხუმში, ქუჩაში დაესხნენ თავს. კანონიერ ქურდს მანქანიდან გაუხსნეს ცეცხლი. თავდასხმის თარიღი არ ზუსტდება, მხოლოდ იტყობინებიან, რომ 20 იანვრის ღამეს გულია საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გულიამ კანონიერ ქურდის სტატუსი 2012 წლის 10 დეკემბერს დუბაიში მიიღო. იქ გაიმართა დაახლოებით 60 კანონიერი ქურდის „სხოდკა“, რომლებიც რუსეთის კრიმინალიტეტის ლიდერის მოწინააღმდეგეებს წარმოადგენდნენ. შეხვედრაზე ქურდად აკურთხეს 15 ქურდი, რაც უსოიანის გამოწვევას ნიშნავდა, რადგან ბოლო ხანს დამნაშავეთა სამყაროში კონფლიქტების გამო ახალ „კურთხევაზე“ მორატორიუმი მოქმედებდა, რომლის დარღვევას მხოლოდ დედ ჰასანის მომხრეები ბედავდნენ. დუბაიში კი მისმა მოწინააღმდეგეებმა იმის დემონსტრირება მაოხდინეს, რომ თვითონაც შეუძლიათ აკრძალვის დარღვევა.

სააგენტო „პრაიმ-კრაიმის“ ცნობით, დუბაის „სხოდკის“ შემდეგ უსოიანთან დაახლოებულმა პირებმა იქ „ნაკურთხ“ ქურდებზე „ნადირობა“ დაიწყეს. სიტუაციის დასარეგულირებლად დეკემბრის ბოლოს მოსკოვში ჩავიდა დედ ჰასანის 2 არაკეთილმოსურნე – მერაბ ჯანგველაძე (მერაბ სუხუმსკი) და ჯემო მიქელაძე (ჯემო).

16 იანვარს დედ ჰასანი სნაიპერმა რესტორნიდან გამოსვლისას მოკლა. 20 იანვარს კრიმინალური ავტორიტეტი მოსკოვში, ხოვანსკის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ანალიტიკოსთა აზრით,  დედ ჰასანის სიკვდილის შემდეგ (რომელმაც „მემკვიდრე“ არ დატოვა) კრიმინალურ სამყაროში ძალაუფლების გადანაწილება დაიწყება. გავრცელებული ხმებით, სავარაუდოდ, გულიას მკვლელობა უსოიანის მკვლელობისათვის შურისძიებას წარმოადგენს.