პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს გენმდივან ტორბიონ იაგლანდთან გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და სამომავლო ურთიერთობები განიხილა. საუბარი იმ რისკებსაც შეეხო, რომელიც ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ქვეყნის საგარეო კურსის შესაძლო ცვლილებებს უკავშირდება..
გუშინვე მიხეილ სააკაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ ნილს მუზნიეკსს შეხვდა. საუბარი იმ პროგრესს შეეხო, რომელიც ადამიანის უფლებების, რელიგიური თავისუფლების, სასამართლო რეფორმებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით მმართველმა გუნდმა გასული წლების განმავლობაში მიაღწია. მხარეებმა შეხვედრაზე ამ პროგრესის გაგრძელების აუცილებლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სტრასბურგში გრძელდება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სხვადასხვა რანგის ორმხრივი შეხვედრები. დღეს მიხეილ სააკაშვილი შეხვედრებს ევროპის ადამიანის უფლებებათა დაცვის სასამართლოში გამართავს. დაგეგმილია ქვეყნის პირველი პირის შეხვედრა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრეზიდენტ დინ სპილმანთან. დღის მეორე ნახევარში მიხეილ სააკაშვილი, ევროპის საბჭოს შენობაში თანამედროვე ქართული არქიტექტურის გამოფენის გახსნის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას. გამოფენას საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან-კლოდ მინიონიც დაესწრება.