პოლიტიკა
სააკაშვილი, სტრასბურგი: „რუსეთი უნდა განთავისუფლდეს იმპერიული ამბიციებისგან!“

1-saak-politikaa1საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა:

„ბატონო პრეზიდენტო,

პატივცემულო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის  წევრებო,

ქალბატონებო და ბატონებო,

უზარმაზარი პატივი და დიდი პრივილეგიაა, მოგმართოთ ქართული დემოკრატიისთვის ასეთ გადამწყვეტ დროს.

ნება მომეცით, პირველ რიგში, გამოვხატო ჩემი პატივისცემა ასამბლეის პრეზიდენტის ჟან კლოდ მინიონის მიმართ იმისათვის, რომ თავისი მოწვევით მან მომცა საშუალება, ამ დარბაზში გავაჟღერო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები.

სულ რაღაც სამი თვის წინ ჩვენი ერის ისტორიაში პირველად განხორციელდა ხელისუფლების გადაცემა არჩევნების გზით.

როგორც ყველა დემოკრატიაში, უმრავლესობები იცვლებიან ამომრჩეველთა ნების მიხედვით, მაგრამ საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციისკენ ნებისმიერი პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური თუ ეთნიკური განსხვავებების მიღმაა. ეს სწრაფვა ჩვენ გვაერთიანებს და განსაზღვრავს ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფოსა და უძველესი ერის იდენტობას.

ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი დღეს და ვერ ვიხსენებ უკეთეს ადგილს მის გასაჟღერებლად, ვიდრე ეს ასამბლეაა.

ევროპის საბჭო აერთიანებს კონტინენტის ყველა ერს იმ ღირებულებების და პრინციპების გარშემო, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ბედი განსაზღვრა. ეს ის ღირებულებებია, როგორიცაა თავისუფლება, ადამიანის უფლებები, პოლიტიკური პასუხისმგებლობა და კანონის უზენაესობა, ეს ის ღირებულებებია, რომლებიც ასე ახლოსაა ქართველ ხალხთან და რომლებიც ამოძრავებდა მთელ ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებას.

კარგად მახსოვს შორეული 1991, როცა მე, ახალგაზრდა ინტერნმა, ქვეყნიდან, რომელსაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი ერქვა, ეს საბჭო აღმოვაჩინე.

სწორედ აქ გადავდგი პირველი ნაბიჯები თავისუფალ სამყაროსა და, შესაბამისად, რეალურ პოლიტიკაში, რადგან ნამდვილი პოლიტიკა მხოლოდ თავისუფლებაშია;

ჩემი პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში და, უნდა ითქვას, ცხოვრებაშიც. მახსოვს, როგორ ვანაწილებდი დროს უძილო ღამეებს შორის ევროსასამართლოს ბიბლიოთეკაში, სადაც ვოცნებობდი ჩემს დანგრევის პირას მყოფ ქვეყანაში აკრძალულ პრინციპებსა და კონცეფციებზე და ძალიან აქტიურ დღეებს შორის, რომლებსაც სტრასბურგის ქუჩებში ველოსიპედით არაჩვეულებრივ სტუდენტთან, სადრა რულოვსთან, ერთად სეირნობაში ვატარებდი, ის ჩემი საყვარელი ცოლი გახდა და ახლა აქ ზის და იღიმის.

შემდეგ მე უკვე დავბრუნდი როგორც დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის წევრი სხვა ახალგაზრდა რეფორმატორებთან ერთად. ბევრი რამ უნდა გვესწავლა და ეს ასამბლეა ჩვენთვის დემოკრატიის არაჩვეულებრივ სკოლად იქცა.

შემდეგ უკვე მომიწვიეს როგორც ერთ-ერთი ლიდერი ეგრეთ წოდებული ფერადი რევოლუციების, რომლებმაც 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციების მიერ დაწყებული ემანსიპაციისა და ხელახალი გაერთიანებისკენ მოძრაობა გააგრძელა.  ეს იყო ენთუზიაზმისა და იმედების დრო.

და აი ახლა მე თქვენ წინაშე ვდგავარ როგორ კოაბიტაციის პრეზიდენტი, ლიდერი მოძრაობისა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის 8 წელზე მეტი ხნის შემდეგ ოპოზიციას დაუბრუნდა.

თქვენთვის შეიძლება ეს გასაკვირი იყოს, მაგრამ ამ წლების შემდეგ ჩემი იმედები და ენთუზიაზმი მხოლოდ გაიზარდა.

ბატონებო და ქალბატონებო,

თავიდანვე, ადრეულ 90იან წლებში, როდესაც საქართველო იყო წარუმატებელი სახელმწიფო, ჩვენი ერი კი დაყოფილი, ჩემთვის პოლიტიკაში ჩართვის მთავარ შთაგონებად საქართველოს ევროპული დემოკრატიების ოჯახში გაერთიანება იქცა, იმ ოჯახში, სადაც მთავრობები იცვლება ამომრჩეველთა ხმებით და არა  ტყვიებით.

რა თქმა უნდა, მსოფლიოში ყველა პოლიტიკოსს სურს არჩევნების მოგება და მე იმედგაცრუებული ვარ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა უმრავლესობის დარწმუნება ვერ შეძლო, მაგრამ, ამავე დროს, ვამაყობ იმით, რომ ჩემმა პარტიამ შეძლო, აეშენებინა ისეთი სისტემა, სადაც მთავრობები და უმრავლესობები იცვლება არჩევნებით და არა ქუჩის რევოლუციების ან გადატრიალების შედეგად; შექმნა ინსტიტუციური სტრუქტურა, რომელიც ამარტივებს ძალაუფლების ლეგიტიმურ გადაცემას, იმის ნაცვლად, ხელი შეუშალოს მას – ანუ დემოკრატია.

8 წელზე მეტხანს მე ვხელძღვანელობდი მთავრობას, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩვენი ერი, აქცია რა ის თანამედროვე, ფუნქციურ და ღია ევროპულ საზოგადოებად. 8 წელზე მეტხანს დაუღალავად ვიბრძოდით კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, სისტემურად ვანადგურებდით ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს, რომლებიც მემკვიდრეობით საბჭოთა წარსულისგან გვერგო, საზოგადოებას ვაძლევდით ინიციატივის თავისუფლებას და ვამკვიდრებდით აღქმას იმისა, რომ მთავრობა უნდა ემსახუროს ხალხს და არა პირიქით.

ბევრმა მკვლევარმა სწორად შეაფასა ეს ცვლილება როგორც მენტალური რევოლუცია.

ფატალიზმი, პასიურობა, ცინიზმი – საბჭოთა კავშირის ხანგრძლივი მემკვიდრეობა საქართველოში დამარცხდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპული ქვეყნების უმეტესობის მსგავსად, საქართველოშიც ხელისუფლებათა მონაცვლეობა იქცევა, უკვე იქცა წესად და ვერცერთი ლიდერი, ვერცერთი მთავრობა, ვერცერთი პოლიტიკური თუ სოციალური ძალა, ვერავინ ვერაფერს გააკეთებს ამის შესაცვლელად.

სწორედ ამიტომ ისე, როგორც არასდროს, გაზრდილია ჩემი ენთუზიაზმი და იმედები.

იმან, რაც ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოში მოხდა, 1 ოქტომბრის, ჩვენი დემოკრატიული გამოცდილების განუყოფელი თარიღის ჩათვლით, შეცვალა არა მხოლოდ ჩვენი ერი, არამედ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რეგიონიც.

საქართველომ ამ წლების განმავლობაში აჩვენა, რომ კორუფცია და ავტორიტარიზმი არ იყო ბედისწერა, რომ არჩევანი არსებობდა არა ქაოსსა და ტირანიას შორის, როგორც ეს პოსტსაბჭოთა სამყაროს უმეტეს შემთხვევაში ახასიათებდა, არამედ დემოკრატიასა და მმართველობის ყველა სხვა ფორმას შორის.

საქართველომ დაამტკიცა, რომ არსებობდა რადიკალური ალტერნატივა – ევროპული არჩევანი.

ბატონებო და ქალბატონებო,

გასული ათწლეულის მანძილზე ჩვენ ტრანსფორმაციისა და ევროატლანტიკური არჩევანისათვის დიდი საფასური გადავიხადეთ.

საქართველოს დაემუქნრნენ, დაუწესეს ემბარგო, დაბომბეს, შეიჭრნენ და ოკუპირება მოახდინეს. ჩვენს ორ რეგიონში გახორციელდა ეთნიკური წმენდა,

ჩვენი ასიათასობით მოქალაქე გამოაძევეს საკუთარი სახლებიდან და ახლაც კი, როცა მე ამ ტრიბუნიდან ვსაუბრობ, ისინი ვერ ბრუნდებიან საკუთარ ქალაქებსა და სოფლებში,

ეს კი, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ის გარემოა, რომელშიც ჩვენ დემოკრატიიის აშენება მაინც შევძელით, გარემო, სადაც მენტალური რევოლუცია მოხდა.

მინდა, დღეს ვთქვა, თუ როგორ ვამაყობ ქართველი ხალხით, იმ მსხვერპლით, რომელიც მან გაიღო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და დემოკრატიისა ზრდისა და აყვავებისთვის, თუ როგორ ვეთაყვანები მათ სიმამაცეს და მომავლის რწმენას, სიძულვილის არარსებობას და თავისუფლებისა და მშვიდობის წყურვილს.

მსურს, ასევე. პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეგობრების მიმართ მთელი ევროპის მასშტაბით – მათი უწყვეტი მხარდაჭერის გარეშე ჩვენი დემოკრატიული გამოცდილება ვერ გადარჩებოდა და არ იქნებოდა წარმატებული.

განსაკუთრებული მადლობა მინდა. ვუთხრა ასამბლეას იმ არაერთი რეზოლუციისთვის, რომელიც მიღებულ იქნა 2008 წლის შემოჭრის შემდეგ.

მადლობა მინდა. გითხრათ თქვენ, საპარლამენტო ასამბლეის პატივცემულო წევრებო, მათაც, ვინც უკვე აღარ არის წევრი, მაგრამ აქ იმყოფება, ისეთებს, როგორიცაა მათიას იორში, რომელიც ასე დაგვეხმარა რთულ პერიოდებში.

ათას ექვსას ოცდამეცამეტე, ათას ექვსას ორმოცდამეშვიდე და ათას ექვსას ოთხმოცდამესამე რეზოლუციები ცალსახად მოითხოვდა რუსული ჯარების გაყვანას საქართველოდან, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სრულ დაშვებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეთნიკური წმენდის უკუქცევას, ახალ სამშვიდობო ფორმატს საერთაშორისო საპოლიციო ძალების მონაწილეობით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ანულირებას.

როგორც თქვენ ყველამ იცით, ეს მოთხოვნები ჯერ კიდევ შეუსრულებელია. ამ რეზოლუციების მიღების შემდეგ რუსული სამხედრო მშენებლობების ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ შეჩერებულა, უფრო მეტი  ქართული სოფელი გადაიწვა და წაიშალა რუკიდან, ევროკავშირის დამკვირვებლები არ დაუშვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსული დიპლომატია კი მთელი მსოფლიოს გარშემო მოსყიდვისა და ზეწოლის გზით ქვეყნებისგან მისი არალეგალური ოკუპაციის ლეგიტიმაციის მიღებას ცდილობდა.

მიუხედავად ამისა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოთხოვნების ფორმულირებებმა მაინც იქონია გავლენა.

გადამწყვეტ მომენტებში, როდესაც ერის ბედი სასწორზე დევს, ევროპიდან მომავალი ასეთი სიგნალები აკავებს აგრესორს უფრო ღრმა აგრესიისგან, აჩვენებს, რომ პრინციპებები და ფასეულობები მნიშვნელოვანია, ეუბნება მსხვერპლს, რომ მარტო არ არის და შეახსენებს მსოფლიოს, რით არის ასეთი განსაკუთრებული ეს ინსტიტუტი და, ზოგადად, ევროპა.

მე ვიცი, რომ რეზოლუცია ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული სიტუაციის თემაზე მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტებით გადის. მინდა, წინასწარ მადლობა გითხრათ რეზოლუციის მხარდაჭერისა და თქვენი ყველა მცდელობისთვის – დაიძლიოს შემოჭრის, ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის ტრაგიკული ჰუმანიტარული შედეგები.

ამიტომ აქ ვარ, რომ გამოვხატო ქართველი ხალხის უზარმაზარი მადლიერება და იმედი, რომ თქვენი ყურადღება და ფოკუსი არ შემცირდება, არც გარე საფრთხეების პირისპირ და არც შიდა დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისას.

მსურს, მადლობა გადაგიხადოთ, ბატონო ჟან კლოდ, თქვენი წარმატებული ინიციატივისთვის,  ძალიან მნიშვნელოვანი და დროული იყო ამ რეფორმის წამოწყება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივა ასამბლეის როლს კიდევ უფრო გაზრდის. ევროპის დამფუძნებელი მამების პრინციპები და ოცნებები ამ დარბაზში ცოცხლობს. საქართველოში ვიცით თქვენი მისიის მნიშვნელობა. ყველა ჩვენგანი გისურვებთ წარმატებას, ენთუზიაზმით მივიღებთ იმ პროცესებს, რომელიც ევროსაბჭოს ასამბლეაში განხორციელდება.

პატივცემულო დელეგატებო,

ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად გაიარეთ ჩვენი ინსტიტუტების მშენებლობის, დემოკრატიის ტრანსფორმაციის გზა; გვაძლევდით რჩევებს, ესალმებოდით ჩვენ მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც აღნიშნულია ბოლო, 1801-ე რეზოლუციაში, და გვთავაზობდით იმ ცვლილებებს, რომელიც მიგაჩნდათ, რომ გააუმჯობესებდა ჩვენს პრაქტიკას და ჩარჩოებს.

თანამშრომლობა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა საბჭოსთან, ასამბლეასთან და ვენეციის კომისიასთან, ჩემი აზრით, იყო სამაგალითო, ის მუდმივად გვეხმარებოდა ჩვენი სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებაში.

არავის შეუძლია უარი თქვას ისეთი ორგანოს შეფასებაზე, კეთილ ნებასა და ღია დამოკიდებულებაზე, როგორიც ვენეციის კომისიაა.

სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ჩვენს მთავრობას დღეს, რომ ვიდრე ნებისმიერ კანონს აამოქმედებს, დაელოდოს მის რეკომენდაციებს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება სასამართლო სისტემასა და მოსამართლეებს.

მინდა, ამ მიმართვის შესაძლებლობით ვისარგებლო და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ, ვინც აკვირდებოდა ჩვენს საპარლამენტო არჩევნებს. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი დელეგაციის ხელმძღვანელ ლუკა ვოლანტეს.

თქვენ შეძელით იმის აღიარება, რომ საქართველო უფრო უახლოვდება სტანდარტებს, რომელსაც ეს ინსტიტუტი აყენებს წინა პლანზე და რომელმაც ერთ დღეს ამ დარბაზში მყოფნი უნდა გაგვაერთიანოს.

თქვენს სიფხიზლეს, მაშინ, როდესაც ჩემმა ქვეყანამ ეგრეთ წოდებული ლიტმუსის ტესტი ჩააბარა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმისათვის, რომ საქართველომ იმავე გზით განაგრძოს პროგრესი.

სამწუხაროდ, როგორც უმეტესობა თქვენგანისთვისაა ცნობილი და როგორც საწყის ეტაპზე ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მოხდა, ქართული პოლიტიკური კლასიც განიცდის ასეთი აზროვნების სტილს „ყველაფერი გამარჯვებულს“.

შერჩევითი სამართლით, რომელიც გამიზნულია ყოფილი მთავრობის წევრების, მოქმედი პარლამენტარების, მათი ნათესავების, ადგილობრივი მმართველების, დამოუკიდებელი მედიის ხელმძღვანელების მიმართ და მმართველი პარტიის მხარდამჭერების ოპოზიციის წარმომადგენლებზე, არჩეულ ადგილობრივ თვითმმართველობებზე პირდაპირი ფიზიკური თავდასხმებით დაიწყო თანმიმდევრული კამპანია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გასაჩუმებლად და ინსტიტუტების ერთიანობის ხელში ჩასაგდებად.

კოაბიტაციის პერიოდის გახსნით საპირისპირო პოლიტიკური ორიენტაციის მქონე სხვადასხვა არჩეულ ორგანოს შორის და იმის დემონსტრირებით, რომ ინსტიტუტები არ განეკუთვნება არცერთ პარტიას, ძალაუფლების კონსტიტუციური და მშვიდობიანი გზით შეცვლა უნდა გამხდარიყო უზარმაზარი შესაძლებლობა იმ რეფორმების დასაჩქარებლად, რომელთა ბოლომდე მიყვანა ჩვენ ვერ შევძელით, განსაკუთრებით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობა.

მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ ვნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელიც საჯაროდ და არაერთხელ უკავშირებს მიმდინარე დაპატიმრებების ტალღას მოქმედი პოლიტიკური ოპოზიციის ქმედებებს, ჩვენ გავხდით მოსამართლეებზე ყოველდღიური თავდასხმების მოწმე, რომლებიც ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ საკუთარი დამოუკიდებლობა.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიქმნა ქართულ მედიასივრცეში ობიექტურობის ახალი სტანდარტების დასანერგად.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანახმად, პირველი არხი ერთადერთი ობიექტური ტელევიზია იყო მთელი შარშანდელი საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას.

ობიექტური და დაბალანსებული საჯარო ტელევიზიის გამყარების ნაცვლად ახალმა პრემიერ-მინისტრმა აიძულა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს გადადგომა და საჯაროდ გამოაცხადა, რომ სურს, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მისი მეუღლის კუთვნილი ტელევიზიის – „მეცხრე არხის“ გაერთიანება.

ამგვარი ინიციატივა წლებით უკან დაგვაბრუნებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთავარი დამოუკიდებელი ტელეარხის „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი დააპატიმრეს და როდესაც პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ გააკეთა მოწოდება ამ ტელეარხის მფლობელობის სასამართლოს გზით შეცვლის თაობაზე.

მართალია, ყველა რეფორმაში წარმატებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ახალმა მთავრობამ წინსვლა უნდა განაგრძოს ჩვენი დემოკრატიის ასაშენებლად, იმის განადგურების ნაცვლად, რაც უკვე გაკეთებულია.

ისიც სიმართლეა, რომ ზოგიერთი რეფორმა მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტის მიერ სრულყოფილად არ იყო გაგებული, ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საზოგადოებასთან ჩვენი კომუნიკაცია ზოგჯერ საკმარისი არ იყო, მაგრამ მჯერა, პრინციპები და ფასეულობები ღირს პოლიტიკურ რისკზე წასასვლელად.

კანონი, რომელიც 2011 წელს მივიღეთ რელიგიური უმცირესობებისთვის თანაბარი უფლების მინიჭების შესახებ, შესაძლოა, ხმების დაკარგვის ფასად დაგვიჯდა, მაგრამ ის არის მიზეზი, კვლავ მივმართოთ სიძულვილის ენას უმცირესობების წინააღმდეგ და გავაღვივოთ შეუწყნარებლობის ცეცხლი?

სავსებით შესაძლებელია, რომ საბჭოთა ტირანების დიდებისადმი მიძღვნილი ყველა ძეგლის აღების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და ჩვენი უწყვეტი ბრძოლა კომუნისტური მემკვიდრეობის წინააღმდეგ მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას არ მოეწონა. მაგრამ ამართლებს ის სტალინის ძეგლების ხელახლა დადგმას საქართველოს რამდენიმე ქალაქში, ბატონებო და ქალბატონებო?

თბილისში ახალი მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად ისახავს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

აშკარად ეს პოზიტიური სიგნალია და რამდენჯერმე მეც საჯაროდ მივესალმე. შესაბამის მინისტრებს შევთავაზე, რომ ამ თემაზე რაც შემიძლია ყველაფრით გავუწევ დახმარებას.

კარგია, როდესაც ირწმუნები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. შესაბამისად უნდა მოიქცე.

ევროკავშირი და ნატო საქართველოსთვის მხოლოდ პარტნიორები არ არიან. ეს არის ოჯახი, რომელშიც გვინდა, გავწევრიანდეთ, ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაციული მიზანი, ჩვენი შიდა რეფორმების ჰორიზონტი.

ამით შეიძლება ავხსნათ ის გაოცება, რომელიც ერევანში ბოლოდროინდელი ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანას შეუძლია და უნდა ჰქონდეს ერთდროულად კარგი ურთიერთობა რუსეთთანაც და ნატოსთანაც, თუმცა, თანაბარი დისტანცია ამ ორ სიბიექტთან უცნაურად ჩამოაყალიბა და ჩვენი სომეხი მეგობრები სამაგალითოდ მოიხსენია.

მე, როგორც პრეზიდენტს, თავისთავად ძალიან მადარდებს, რომ კარგი ურთიერთობა იყოს შენარჩუნებული არა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთს შორის, არამედ რეგიონში არსებულ ყველა ქვეყანას შორის; მე ვამაყობ, რომ ეს ურთიერთობები ჩვენს მეზობლებს შორის ძალიან კარგია და კეთილმეზობლურია და ისინი ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეზობლები არიან, თუმცა, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ სრულიად შეცვალა ეს რიტორიკა.

საქართველომ არჩევანი ნატოს წევრობაზე გააკეთა, სომხეთმა კი – არა.

ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა, აირჩიოს ალიანსი, რომლის წევრობაც სურს ან არ სურს, მაგრამ ურთიერთობები და ინტეგრაცია ერთი და იგივე არ არის.

ჩვენი მისწრაფება ნატოსკენ არის ცალსახა. მე ვიყავი ის, ვინც მხარს უჭერდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთისათვის გარკვეული უფლებების მიცემას, ხელი შევუწყვეთ რუსეთიდან ტურისტების შემოსვლას, არცერთი ხელისუფლების დროს ასეთი ინტენსიური კულტურული ურთიერთობები რუსეთთან არ ყოფილა, რითაც ძალიან ვამაყობ, მაგრამ როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ გავაძლიეროთ ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა რუსეთთან, ეს ერთია, მაგრამ მეორეა, როდესაც ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს მნიშვნელოვან და ძირითად მიმართულებას და მისწრაფებებს. ჩემი აზრით, ქართველ ხალხს ხმა არ მიუცია ძირითადი მიმართულების შეცვლისათვის. ჩვენს კარგ ურთიერთობას მეზობლებთან მსხვერპლად არ უნდა შევწიროთ ის მისწრაფება, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ერისათვის.

სამწუხაროდ, ეს განცხადება ისმის მას შემდეგ, რაც ეროვნული უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად ბადებს ეჭვს, თუ საით აპირებს რეალურად წასვლას საქართველოს მთავრობა.

მაშინ, როდესაც აკრიტიკებ ბაქო-სტამბულის რკინიგზის პროექტს და წინა პლანზე აყენებ აფხაზეთის რკინიგზას, ეს ჩვენი სტრატეგიული ორიენტაციის შესახებ კითხვებს ბადებს და საჭიროა, სწრაფად გაეცეს პასუხი.

გამოძიების გარეშე იმ ხალხის გათავისუფლება პატიმრობიდან, რომლებიც ბრალდებული იყვნენ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში და, ამასთან, იმ ადამიანების დაკავება, რომლებმაც ჩვენი კონტრდაზვერვის სისტემა ააშენეს დასავლეთთან თანამშრომლობით, ასევე, შეშფოთებას იწვევს.

შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ ქართველ საზოგადოებას სიმაყით უხსნი, თუ როგორ წარმატებით მოიგერია ახალმა მთავრობამ დასავლური შეტევის პირველი ტალღა. ასეთი სიტყვები ანტიდასავლურ რიტორიკას გვახსენებს, რომელიც, გვეგონა, რომ დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა.

ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ენთუზიაზმი ევროკავშირისა და ნატოსთვის, მიუხედავად მუქარისა, ბომბებისა, შემოჭრისა და ოკუპაციისა, რომელიც რომელიც მიზნად ისახავადა ჩვენი გზის შეცვლას.

ახლა, როდესაც უფრო ახლოს ვართ ჩვენს მიზნებთან, დრო ხომ არ დადგა ყოყმანის საჩვენებლად და ჩვენი ტრაექტორიის ეჭვქვეშ დასაყენებლად?

ბატონებო და ქალბატონებო,

შეუქცევადი არაფერია და ნაყოფიერი კოაბიტაციისთვის, დარწმუნებული ვარ, საქართველოში ადგილი არსებობს.

მე ვუთხარი პრემიერ-მინისტრს: „ჩვენ გვჭირდება არსებული ჩიხიდან გამოსვლის გზის მოძებნა. ორივესთვის სასარგებლო იქნება და ეს არის ჩვენი ვალი ქართველი ხალხის წინაშე“.

მე შევთავაზე 5-საფეხურიანი გეგმა უმრავლესობას მშვიდობიანი კოაბიტაციის უზრუნველსაყოფად და იმის გარანტიისთვის, რომ ჩვენი ერის უმთავრეს ინტერესებს ჩვენს პოლიტიკურ დაპირისპირებაზე უფრო მაღალა დავაყენებთ.

დაწყებული ეკონომიკიდან, ინვესტორებისთვის ერთობლივი პრესკონფერენციებით და დამთავრებული საგარეო პოლიტიკით ევროკავშირსა და ნატოსთან მიმართებაში საერთო ინიციატივებით, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ.

ინსტიტუტების პარალიზებით, ჩვენი დასავლური ინტეგრაციის შეყოვნებით და ჩვენი ეკონომიკის ვარდნით მოგებული არავინ დარჩება.

არავინაა დაინტერესებული ახალი მთავრობისა და ახალი უმრავლესობის მარცხით, რადგან ეს, ზოგადად, ქვეყანას მიაყენებს ზიანს.

ეს არის ჩემი მოკრძალებული დაპირება – მოდი, ვიმუშაოთ ერთად იმის გასაუმჯობესებლად, რისი გაუმჯობესებაც შეგვიძლია ჩვენს ქვეყანაში. მოდი, ყურადღება გავამახვილოთ იმ პრინციპებზე, რომლებზეც შეგვიძლია შევთანხმდეთ. ეს არის ის პრინციპები, რომელიც ევროსაბჭოსთვის მთავარია და რომელსაც საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ პატივი უნდა სცეს, წინა პლანზე დააყენოს და დაიცვას.

რაც რისკის წინაშე დგას, უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს პატივსაცემ პოლიტიკურ ინტერესებზე; უფრო ღრმა პირად შუღლზე ან ერთობლივ ამბიციაზე. რაც რისკის წინაშე დგას, ჩვენი და ჩვენი რეგიონის დემოკრატიის მომავალია“.