კუნძულები გადაცემის უფლების გარეშე
საქართველო, 21 იანვარი,
საქინფორმი. იაპონიასა და ჩინეთს შორის სენკაკუს კუნძულების კუთვნილების საკითხზე დავა ორმხრივი კონფლიქტის ფარგლებს გასცდა. მესამე მხარედ აშშ იქცა. ძირითად საკითხში მან პირველად ღიად დაუჭირა მხარი ტოკიოს. სახელმწიფო მდივანმა
ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი კუნძულებზე იაპონიის სუვერენიტეტის დარღვევის ნებისმიერ მცდელობას შეეწინააღმდეგება. პასუხად, პეკინმა აშშ გააფრთხილა, რომ კუნძულების საკითხში
„აშშ ვერ აირიდებს ისტორიულ პასუხისმგებლობას“, რის შემდეგაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ხომალდები კვლავ იაპონიის წყლებში შევიდნენ.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ მე-19 საუკუნის მიწურულამდე სენკაკუ დაუსახლებელი იყო, ხოლო 1895 წელს იაპონიის ხელისუფლებამ იქ თავისი პირველი სამარკერო ბოძი აღმართა და თავისი ტერიტორიის შემადგენლობაში შემოიერთა.
ზოგიერთი წყაროს ცნობით, ჩინეთმა სენკაკუზე პრეტენზიების წაყენება 1971 წლიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც კუნძულების სანაპიროზე ნახშირწყალბადის მდიდარი საბადოები აღმოჩნდა.