პრემიერი დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველო, 21 იანვარი,
საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის რამდენიმე სესიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 23 იანვარს გაიხსნება და ხუთ დღეს გასტანს. საგარეო საქმეთა მინისტრ
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ამ ეკონიმიკური ხასიათის ფორუმზე პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ისარგებებს შემთხვევით და უკრაინის, პოლონეთის, შვეიცარიის და სხვა ქვეყნების პირველ პირებთან პოლიტიკური ხასიათის შეხვედრებსაც გამართავს.
ეკონიმიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, დავოსში იგეგმება როგორც ორმხრივი ოფიციალური, ისე არაოფიციალური შეხვედრები: „საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებთან გვექნება შეთავაზებები კერძო საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებით, რათა ინსტიტუციონალური ინვესტორები შემოვიყვანოთ ამ საინვესტიციო ფონდში, რომლის შექმნაც დაანონსებულია“ . მისი თქმით, დაგეგმილია სავაჭრო პოლიტიკის თემაზე არაფორმალურ დისკუსიებში მონაწილეობის მიღება და ბილატერალური შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის სამინისტროების წარმომადგენლებსა და სამთავრობო სტრუქტურების ხელმძღვანელებთან.