აქტუალური
საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. დიდ დიღომში მდებარე კერძო სკოლა „ფესვების“ პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა დილიდან აქცია გამართეს.
აქციაზე რამდენიმე საკითხს აპროტესტებენ. პედაგოგების განცხადებით, მათ რამდენიმე თვეა, ხელფასი არ აუღიათ და სკოლის დირექციისგან დაგროვილი დავალიანების დაფარვას ითხოვენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, აღდგეს საჯარო სკოლის სტატუსი. ამასთან, გამოძიებულ იქნეს, თუ რატომ გასხვისდა № 187 საჯარო სკოლა საიდუმლო ვითარებაში 2011 წლის ზაფხულში. მათ მთავარ პროკურორს, პრემიერ-მინისტრს, საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატს – პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შესაბამისი განცხადებები გაუგზავნეს.დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს პრეტენზია აქვთ ჯგუფების გაერთიანებაზე, სადაც 40-მდე მოსწავლე იყრის თავს. ამ პირობებში კი სათანადო განათლების მიღება შეუძლებელია.
ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს სკოლის დირექტორი მანანა გვირჯიშვილი. მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები მსგავსი აქვიის მოწყობას განათლების სამინისტროსთანაც გეგმავენ.