პუბლიკაციები
ირმა ინაშვილი: „ვლადიმერ ბედუკაძე ჩემთვის გმირი არ არის! გმირად მე საკუთარ თავსაც არ ვთვლი..."

1-irma-mt

საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. საქინფორმის ჟურნალისტი ნატა წერეთელი მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელ ირმა ინაშვილს ესტუმრა. მას შემდეგ, რაც ირმა ინაშვილმა მოახერხა, საზოგადოებისათვის საჯარო გაეხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრები, მის წინააღმდეგ უამრავი ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფები გამოდის. საქინფორმთან „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

 – ქალბატონო ირმა, რამდენიმე დღის წინ საკაბელო ოპერატორმა მედიაკავშირი „ობიექტივი“ სამაუწყებლო ბადიდან ამოიღო. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს  „ობიექტივის“ წინააღმდეგ მიმართული მორიგი კამპანიაა, რომლის უკანაც კონკრეტული პიროვნებები დგანან?

– პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საზოგადოება აქტიურად მსჯელობდა, კამათობდა და დიდი ვნებათაღელვა იყო „მასთქერის“ პროექტის ირგვლივ, რის შედეგადაც ის გარკვეული ვადით ამოქმედდა. დასრულდა არჩევნები და „მასთქერიზე“ უკვე აღარავინ საუბრობს. რამდენიმე დღის წინ „სუპერტივიმ“ (იგივე „აიეტი“) მედიაკავშირი „ობიექტივი“ საკაბელო ქსელიდან ამოიღო. ჩვენ შევხვდით „აიეტის“ ხელმძღვანელობას. მათი განმარტება გამაოგნებელი იყო. როგორც ისინი აღნიშნავდნენ, ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა რუსულ არხებს ანიჭებს უპირატესობას. კვლევასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, თუ ის რეალურ სურათს ასახავს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, სამწუხაროა, რომ კვლევამ ყალბი სურათი მოგვცა. უამრავი ადამიანი გვიკავშირდებოდა „ობიექტივის“ ოფისში და როგორც ცნობილია, „აიეტსაც“ მიმართავდნენ თხოვნით, რომ მედიაკავშირი „ობიექტივი“ ჩართულიყო საკაბელო ქსელში. წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი – მოსკოვში რომელიმე საკაბელო ტელევიზიამ პაკეტიდან რომ ამოიღოს რუსული ტელეარხი და მის ნაცვლად ქართული ჩართოს, როგორი დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება.

ამ ეტაპისთვის პრობლემა მოგვარებულია და დაახლოებით ათ დღეში „სუპერტივი“ ხელშეკრულების საფუძველზე „ობიექტივს“  სამაუწყებლო პაკეტში ჩასვამს, მაგრამ პრობლემა უფრო ღრმა არის. ჩვენ ვითხოვთ, მოხდეს საკანონმდებლო უზრუნველყოფა და პარლამენტმა მიიღოს კანონი „მასთქერის“ შესახებ.

როგორც საკანონმდებლო ორგანიში გვითხრეს, ასეთი კანონი განსახილველად შესულია, მაგრამ ჩვენ ალტერნატიულ პროექტსაც ვამზადებთ. დავესწრებით ყველა განხილვას და აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ აღნიშნულ პროცესში. კანონით უნდა იყოს განსაზღვრული, რომ საქართველოში ქართული არხების მაუწყებლობა იყოს პრიორიტეტული.

– 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების  დროს მთელი ქართული მედია გაერთიანდა „მასთქერის“ პროექტის განსახორციელებლად. როგორ ფიქრობთ, დღეს რატომ არავინ საუბრობს აღნიშნულ საკითხზე?

– ჩვენს საზოგადოებას და, განსაკუთრებით, მის გამორჩეულ ნაწილს – ექსპერტებს, პოლიტოლოგებს, ახასიათებთ ასეთი სენი – ისინი არ არიან სამართლიანები და როდესაც მსგავს პრობლემაზე საუბრობენ, მხედველობაში აქვთ რომელიმე ტელეკომპანია, მაგრამ არა ჩვენი ტიპის მაუწყებლები, ერთმანეთისგან ასხვავებენ  ადამიანებს, ტელეარხებს, ორგანიზაციებს და ა. შ. ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც აქტიურადაა ჩართული პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში, სამწუხაროდ, ეს სენი ახასიათებს.

მედიაექსპერტებს, ჟურნალისტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, რომ სოლიდარობა ამ სიტყვის ჭეშმარიტი დატვირთვით გვესმოდეს. ვწუხვარ, რომ არცერთი მედიაექსპერტი და პარლამენტის წევრი არ გამოგვხმაურებია მაშინ, როცა ჩვენი მაუწყებლობა შეიზღუდა. არავინ დაინტერესებულა იმით, თუ რა პრობლემა შეექმნა დამოუკიდებელ მედიასაშუალებას. აღნიშნული შეზღუდვა რომელიმე სხვა ტელეკომპანიას რომ შეჰქმნოდა, ყველა ფეხზე დადგებოდა. ვფიქრობ, ამის მიზეზი უფრო ღრმა არის, ვიდრე  ჩვენ გვეჩვენება.  

– მას შემდეგ, რაც  ციხის ცნობილი კადრები გამოქვეყნდა, მედიაკავშირ „ობიექტივისა“ და პირადად თქვენ წინააღმდეგ შავი პიარკამპანია დაიწყო. რას უკავშირებთ ამას?

ჩემ წინააღმდეგ ამ კამპანიის დაწყებას ჩვენს ქვეყანაში შავი პიარჯგუფების არსებობას ვუკავშირებ (პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა ეს ფაქტი ჩემთან ინტერვიუს დროს). ერთი მხრივ, ეს ჯგუფები იმართება წინა ხელისუფლების მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, როგორც პრემიერმაც აღნიშნა, ასეთები კოალიცია „ქართული ოცნების“ შიგნითაც არსებობენ. ცხადია, ბიძინა ივანიშვილს მათი გვარები არ დაუსახელებია, მაგრამ მითხრა, რომ აქვს ინფორმაცია მათ შესახებ. ამ ჯგუფების ინტერესებში შედის ისეთი მოხელეების დისკრედიტაცია, როგორიც არისმ მაგალითადმ იუსტიციის მინისტრი.  თეა წულუკიანი არის პროფესიონალი, თანმიმდევრული და ძლიერი პიროვნება. ის ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ რეფორმას ახორციელებს და სწორედ ამიტომ აგორდა მის მიმართ შავი პიარი. ამ პიარის ფარგლებში ისეთ პიროვნულ შეურაცხყოფას გაყენებენ და ისე გლანძღავენ, რომ თუ მორწმუნე ადამიანი არ ხარ და მყარი ფსიქიკა არ გაქვს, შესაძლოა, თვითმკვლელობამდეც კი მიგიყვანონ.  

– ქალბატონო ირმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წარმოებული შავი პიარი გასაკვირი სულაც არ არის, მაგრამ გაოცებას იწვევს, როცა იმავეს ახორციელებენ კოალიცია „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები. როგორ ფიქრობთ, რა მიზანს შეიძლება ეს ემსახურებოდეს?

– გავიხსენოთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი, როდესაც ციხის სკანდალური კადრები გამოქვეყნდა. საზოგადოება საუბრობდა იმის შესახებ, რომ სწორედ ამ კადრებმა უზრუნველყო ხელისუფლებისგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორება. შესაძლოა, კოალიცია „ქართული ოცნების“ შიგნით ვიღაცას მოეჩვენა, რომ ეს არის საფრთხე ამ დიდი გამარჯვებისთვის, რომელიც, ჩემი აზრით, რეალურად მოიპოვა ბიძინა ივანიშვილმა. პირდაპირ გეტყვით, პირადად მე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციაში შემავალი პარტიებისთვის კი არ მიმიცია ხმა, არამედ ხმა მივეცი ბიძინა ივანიშვილს. ციხის კადრებმა, რა თქმა უნდა, იმოქმედა პროცესის გააქტიურებაზე და სააკაშვილმა ვერ გაბედა 70%-იანი გაყალბება. ჩემი აზრით, პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელება იყო პროცესის დახმარება. შესაძლოა, ვიღაც საფრთხეს ხედავდა იმაში, რომ კოალიციის გამარჯვება ციხის კადრებს არ „მიკერებოდა“ და სწორედ ამიტომ დაიწყო ე. წ. შავი პიარი ჩემ წინააღმდეგ.  

– დარწმუნებული ვარ, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არსებული იმ ჯგუფის შესახებ, რომელიც თქვენს დისკრედიტაციას ცდილობს, ინფორმაცია გაქვთ. რატომ არ ამხელთ მათ საჯაროდ?

– დიახ, მაქვს ინფორმაცია მათ შესახებ. თქვენ ნახეთ, რომ რამდენიმე წუთის წინაც დამირეკა გია ხუხაშვილმა (ინტერვიუს ჩაწერის დროს ქალბატონი ირმას ტელეფონზე ზარი განხორციელდა, – ნ.წ.). ჩვენ ძალზე ინტენსიურად ვმუშაობთ ამ კუთხით.  ვინაობა, დაახლოებით, ვიცით, მაგრამ ვცდილობთ, გავარკვიოთ, რა არის მათი მიზანი. მე და ბატონმა გიამ ერთმანეთში გავცვალეთ კონკრეტული დოკუმენტაცია, მიმოწერები და სხვა ინფორმაცია. ამ ეტაპზე არ შემიძლია მათი გვარების დასახელება, რადგან აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.  როდესაც ინფორმაცია დაზუსტდება, მაშინ მივაწვდით საზოგადოებას.  

– ქალბატონო ირმა, ხომ არ გეგმავთ ვლადიმერ ბედუკაძის ნახვას?

– არა, ბედუკაძესთან შეხვედრას არ ვგეგმავ. იმ შეურაცხყოფას, გინებას, ცილისწამებასა და ტყუილს, რასაც ბედუკაძე ამ სამი თვის განმავლობაში  ჩემ მიმართ ავრცელებდა, როგორც პიროვნება, არ ვპატიობ, თუმცა, მინდა, გითხრათ, რომ როგორც ჟურნალისტი (ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელი), სასამართლოსაც და პროკურატურასაც მივმართავ შუამდგომლობით, რომ ვლადიმერ ბედუკაძისა და ბორის ფარულავას კეთილი წვლილი ამ დიდ საქმეში გათვალისწინებული იქნეს.  ამ მიმართულებით ვმოქმედებ – ყველა ძალოვან მინისტრს შევხვდი და ვესაუბრე.  

ძალიან ვწუხვარ, რომ ბრიუსელში ბედუკაძე აღმოჩნდა ცუდი ადამიანების გარემოცვაში, რომელთაც  მათზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინეს. ამას თავადაც აღნიშნავს. აღნიშნული ამტკიცებს, რომ მე სიმართლეს ვამბობდი. რაც შეეხება იმას, ვლადიმერ ბედუკაძე ერთი რიგითი ჯალათი იყო თუ არა, ამას გამოძიება დაადგენს.

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბედუკაძესა და  ჩემ შორის კონფლიქტის ძირითადი მიზეზი, ჩემი აზრით, გახდა ის ფაქტი, რომ ჩვენ ეს ადამიანი გმირად არ ვაღიარეთ. ვლადიმერ ბედუკაძე ჩემთვის გმირი მართლაც არ არის (როგორც ცნობილია, ბედუკაძე 11 წლის განმავლობაში მუშაობდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და უყურებდა ადამიანების წამებას. ცხადია. მისი ფსიქიკა დაზიანებულია.)

მე არც საკუთარი თავი მგონია გმირი. გმირობა სულ სხვა სიმაღლეა. როცა ბრიუსელიდან ვბრუნდებოდი საქართველოში და აეროპორტში უამრავი ადამიანი დამხვდა, ვფიქრობდი, რომ ამას ჩემთვის უმძიმესი შედეგი მოჰყვებოდა და მართლაც ასე მოხდა. ყველას აინტერესებდა, რატომ ვტიროდი, როცა მანქანაში ვიჯექი... მინდა, გითხრათ,  რომ ხალხის დანახვაზე კი არ ამიჩუყდა გული, არამედ მივხვდი, რომ იმ დღის შემდეგ ჩემი ცხოვრება ძალიან რთული იქნებოდა.

– რა რეაქცია გქონდათ, როდესაც პირველად ნახეთ პატიმართა წამების ამსახველი კადრები?

– ეს კადრები მარტომ ვნახე ჩემს ოთახში (გვერდით მდებარე ოთახზე მიმითითებს, – ნ.წ.). იმ წუთიდან დავიწყე მარხვა. ეს იყო შოკისმომგვრელი და ძალიან მძიმე სულიერ მდგომარეობაში ჩამაგდო.

– ალბათ, ძალიან რთული იყო კადრების ნახვიდან მათ გასაჯაროებამდე პერიოდი...

– დიახ, ასეა. ალბათ, ასეთ დროს ღმერთი ადამიანს ძალას აძლევს. მიმაჩნია, რომ  ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელსაც ეს მასალა ხელში ჩაუვარდებოდა, ისევე მოიქცეოდა, როგორც მე.

ყველას გასაგონად მინდა, ვთქვა, რომ მე ჩემი თავი თქვენგან განსხვავებული არ მგონია.

საუბრის დასასრულ, ქალბატონმა ირმამ აღნიშნა, რომ მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, ის თავს დაცულად არ გრძნობს, რადგან სააკაშვილის რეჟიმი დღეს ისევ მოქმედია. საქინფორმისთვის, მკითხველისა და ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი მიზეზების გამო ეს ყველაფერი ძალზე ცნობილია. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში საჯარო გახდება იმ ადამიანთა ვინაობა, რომლებიც მუდმივად ცდილობენ დამოუკიდებელი მედიასაშუალებისა და მისი ხელმძღვანელების დისკრედიტაციას, და შესაბამისი უწყებები აღნიშნულ ფაქტზე სათანადო რეაგირებას მოახდენენ.

ესაუბრა ნატა წერეთელი

საქინფორმი

1-irma-1
1-irma-2
1-irma-3
1-irma-4