საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. მთავარმა პროკურატურამ პოლიტდევნილის სტატუსის მქონე პირებს ბრალდება და დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა მოუხსნა, ამასთან, 25 პირიდან 9-ს ინტერპოლის წითელი ცირკულარით აღარ ეძებენ.
თითოეულ მათგანს სამშობლოში დაბრუნება, სავარაუდოდ, 21 იანვრის შემდეგ (პროკურატურის მიერ ძებნის შეწყვეტის თაობაზე ოფიციალური განაცხადის შემდეგ) შეეძლება. პროკურატურის მხრიდნ პოლიტიკურ დევნილთა გაფრთხილების მიზეზი ის გახდა, რომ 25 პირის მიმართ გამოცხადებული ძებნა დღეის მდგომარეობით კვლავ ძალაშია დსთ-სა და ეროვნულ დონეზე.პოლიტდევნილთა სიაშია სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ბადრი ბიწაძე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ აპირებდა დაბრუნებას.
გუშინ სამშობლოში ბრუნდებოდა ქიბარ ხალვაში, რომელიც აზერბაიჯანში დააკავეს, თუმცა მთავარი პროკურატურიდან შესამაბისი ინფორმაციის მიწოდებისთანავე გაათავისუფლეს.
გვიან ღამით აიყვანეს საქართველოში დაბრუნებული ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც გლდანის №8 საპყრობილეში განათავსეს.
ინტერპოლით ძებნამოხსნილი პოლიტდევნილების სიაშია მელიქ რაისიანიც.
ჯერჯერობით არ კონკრეტდება, როდის აპირებენ პოლიტდევნილის სტატუსის მქონე სხვა პირები საქართველოში დაბრუნებას, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ბადრი ბიწაძე სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
ცნობისათვის: ინტერპოლის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, წითელი ცირკულარით სულ 249 პიროვნება იძებნება. მათგან 101 პირზე შესაბამისი მოთხოვნა საქართველოს მიერაა გაგზავნილი. წითელი ცირკულარით ძებნილთა შორის პოლიტიკური ნიშნით დევნილებიც არიან. საქართველოს მიერ ძებნილი 101 პირიდან 7 ქალია, რომელთა უმრავლესობაც თაღლითობის ბრალდებით იძებნება.