პოლიტიკა
ფანჯიკიძე საპარლამენტო უმცირესობას ვერ შეხვდება

1-fanjikiZe-polittika3საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაია ფანჯიკიძე პარლამენტის „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომას ვერ დაესწრება, რადგან მინისტრს დღეს უამრავი შეხვედრა აქვს დაგეგმილი, რომელთა გადადება ვერ მოხერხდება. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.

სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამის თაობაზე გუშინ აცნობეს. ამასთან, პრესსამსახურის განმარტებით, მინისტრი საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრას თავს არ არიდებს და დაინიშნება თარიღი, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.

მიუხედავად საგარეო უწყების განცხადებისა, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ მაია ფანჯიკიძეს პარლამენტში მისასვლელად გამბედაობა არ ეყო. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მინისტრთან დაგროვილი აქვს კითხვები საგარეო პოლიტიკაში დაშვებული შეცდომების გამო.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ მაია ფანჯიკიძე საპარლამენტო უმცირესობამ დღეს, 15:00 საათზე, დაიბარა ქვეყნის საგარეო კურსსა და მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების განმარტების მიზნით.