აქტუალური
სააკაშვილი აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის წინააღმდეგია

1-sarkinigzo-mimosvlaსაქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეზიდენციაშ გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა.

მანამდე, ხუთშაბათს, 17 იანვარს, ერევანში თავის სომეხ კოლეგა ტიგრან სარგსიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან ზოგიერთი სადავო საკითხის დარეგულირების შემდეგ შესაძლებელია აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, რომელიც 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გამო შეწყდა.

პრეზიდენტი სააკაშვილი კი აცხადებს, რომ ამ რკინიგზის აღდგენა მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის, რადგანაც ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა  ტვირთების გადამზიდავი და ტრანსციმბირული რკინიგზის დიდი კონკურენტია.

„რუსეთს ამ სატვირთო მაგისტრალის მნიშვნელობის დაკნინება და მოსპობა სურს. სურს, ამ რკინიგზის გახსნით მოახდინოს აფხაზეთის ოკუპაციის ფაქტობრივად დაკანონება. ახლა, როცა რუსეთმა მიითვისა აფხაზეთის რკინიგზა და ფლობს სომხეთის რკინიგზას, პრაქტიკულად, ამ გახსნის სტატუსი იქნება მიუღებელი, რადგან რუსეთი აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ განიხილავს. არცერთი ნაბიჯით საქართველომ ამას ხელი არ უნდა შეუწყოს, ვიდრე არ გადაწყდება აფხაზეთის დეოკუპაციის საკითხი“, – განაცხადა ქვეყნის მეთაურმა.