სამართალი
დედ-ჰასანი, შესაძლოა, საქართველოში დაკრძალონ

1-ded-xasan-samarTaa1საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ცნობებით, 17-დან 18 იანვრის ღამით მოსკოვში, ტროეკუროვის სასაფლაოზე რფ-ის დედაქალაქის ცენტრში, ორი დღის წინ მოკლული ცნობილი კანონიერი ქურდის – ასლან უსოიანის, სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. კრიმინალური სამყაროს მეფის ნათესავები და ახლობლები ჯერჯერობით მისი დაკრძალვის ადგილს ასაიდუმლოებენ. თუმცა, ზოგიერთი მონაცემით, მისი ცხედარი შესაძლოა, საქართველოში გადმოასვენონ. ამასთან, დედ-ჰასანის მეგობრები, სავარაუდოდ, მას ბოლო გზაზე ვეღარ გააცილებენ, რადგან საქართველოში კანონიერი ქურდი მხოლოდ სტატუსის გამო უკვე დამნაშავედ მიიჩნევა.

დაკრძალვის სავარაუდო ადგილად, საქართველოს გარდა, განიხილება კრასნოდარის მხარეც, მოსკოვიცა და ტოლიატიც.

ხუთშაბათს, საღამოს, მეგობრებმა და ახლობლებმა დედ-ჰასანის ცხედარი ბოტკინის სახელობის საავადმყოფოსთან არსებული საცხედრიდან ტროეკუროვის სასაფლაოს დიდ სარიტუალო დარბაზში გადაასვენეს. იმავე საღამოს და ღამითაც იქ კრიმინალური პატრიარქის პანაშვიდი გაიმართა. ცერემონია კრიმინალური სამყაროსა და რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდანაც გაძლიერებული დაცვის ქვეშ მიმდინარეობდა.

ოპერატიული მონაცემებით, დედ-ჰასანის დაკრძალვა მის სამშობლოში – თბილისში, გადაწყდა. უსოიანის ნათესავებს ამასთან დაკავშირებით უთანხმოებაც მოუვიდათ, რადგან საქართველოში გადმოსვენების შემთხვევაში შეუძლებელი გახდება კრიმინალური სამყაროს მეფესთან გამოთხოვებისა და დაკრძალვის მდიდრული ცერემონიის გამართვა, რადგან მისი ნათესავების უმეტესობა ქურდის სტატუსის გამო ამ პროცედურაში მონაწილეობას ვერ შეძლებს.