საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო პრეზიდენტის ინიციატივას ეხმაურება

1-avaliani-sazogadoeba1საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამი საკანონმდებლო ინიციატივა წამოაყენა. თავდაცვის სამინისტრო ამ ინიციატივას გამოეხმაურა, კერძოდ, სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების კუთხით.

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მრჩეველ ვაკო ავალიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ 2012 წელს მიიღო გადაწყვეტილება სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც იზრუნებს ვეტერანების პირობების გაუმჯობესებაზე. მისი თქმით, ეს ეხება სრულ სოციალურ პაკეტს, არა მხოლოდ პენსიებს, არამედ დაზღვევებსაც. „შესაბამისად, პრეზიდენტმა გაიმეორა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მხოლოდ მცირედი ფრაგმენტი, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ პენსიები უნდა გაიზარდოს. მას, სულ მცირე, დააგვიანდა რვა წელი“. ავალიანის განცხადებით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ძველ ხელისუფლებას რეალურად არაფერი გაუკეთებია ვეტერანებისთვის. ამასთან საქართველოს პრეზიდენტი დღეს საუბრობს, რომ საქართველოში არის კრიზისი, თუმცა აცხადებს, რომ ახლა მთავრობას აქვს პენსიების გაზრდის საშუალება. „დიახ, ნამდვილად, საქართველოს მთავრობა აპირებს პენსიების გაზრდას და მთლიანად მთელი სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას“, – განაცხადა ავალიანმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ავღანეთში საახალწლოდ ქართველ სამხედროებთან შეხვედრისას სამხედრო ვეტერანებთან დაკავშირებით მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის განკარგულება გააჟღერა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აწერს და რომლის თანახმად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებისა და ვეტერანთა სოციალური დაცვის საკითხთა სამთავრობო კომისია ჩამოყალიბდა. კომისიის მთავარი ამოცანაა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ პირთა ოჯახების სოციალური დაცვის საკითხების მოგვარება. პრეზიდენტმა ავღანეთში საქართველოს მთავრობის განკარგულება გააჟღერა. ჩვენ მივესალმებით, რომ პრეზიდენტს სამხედრო ვეტერანები რვა წლის თავზე გაახსენდა“, – აღნიშნა პრეზიდენტის მაშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით ავალიანმა.