აქტუალური
გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელთა ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა

1-ZnelaZe-aqtuaa1საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა. ძნელაძე ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების გაერთიანებული შტაბის უფროსების 168-ე შეხვედრას დაესწრო და შტაბის უფროსების დონეზე გამართულ ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

ნატოს შტაბ-ბინაში ძნელაძე გენერალ-მაიორ კარლოს ბრანკოს შეხვდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ასევე, ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალთან ევროპაში, ადმირალ ჯეიმს სტავრიდისთან, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსთან, გენერალ მარტინ დემპსისთან, ISAF-ის მისიის მეთაურთან, გენერალ ჯონ ალენთან და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე გენერალ კნუდ ბარტელსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ISAF-ის საერთაშორისო მისიის მნიშვნელობა, ავღანეთში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა და ავღანეთში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ადგილობრივი ძალებისთვის გადაბარების პროცესი განიხილეს. საუბარი შეეხო პოსტ-ISAF-ის პერიოდში ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის საწვრთნელი მისიისა და დახმარების საკითხებსაც.

გუშინვე პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე გერმანიაში, ქალაქ ჰაიდელბერგში, მდებარე ლანდშტულის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრსაც ესტუმრა და ISAF-ის მისიაში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა.