საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით სომხეთის რესპუბლიკაში დასრულდა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მრავალმხრივი შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარს ეწვია და სრულიად სომხეთის კათალიკოს გარეგინ მეორეს შეხვდა.
ვიზიტის დასასრულს ბიძინა ივანიშვილმა უძველეს ხელნაწერთა ინსტიტუტი „მატენადარანის“ ექსპონატები დაათვალიერა.სომხეთის მთავრობის შენობაში ერთობლივ დოკუმენტებს მოეწერა ხელი.
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის შენობაში კი გაიმართა ბიძინა ივანიშვილისა და ტიგრან სარგსიანის ერთობლივი პრესკონფერენცია. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ჟურნალისტებს შეხვედრის შედეგები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ორ მეზობელ ქვეყანას შორის არსებული საკითხები, რაც შეიძლება, დროულად გადაწყდეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობის საკითხს.