საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, დაკავებულია მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ყოფილი ჩინოვნიკი, აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ პატარიძე, რომელსაც ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება.
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობის“ დამარცხების შემდეგ, ზოგიერთი ცნობით, პატარიძე სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობდა, თუმცა სააგენტო „ივერონის“ მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო დაცვის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ პატარიძეს ამ უწყებაში არასოდეს უმუშავია.„კომერსანტის“ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ თემურ პატარიძე მოსკოვში კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ქართული ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმის ორგანიზაციაშია ეჭვმიტანილი. ამასთან, გაზეთი „კომერსანტი“ ორ წყაროზე – ჟურნალისტ შალვა რამიშვილსა და კინორეჟისორ გოგა ხაინდრავაზე – დაყრდნობით, ავრცელებს ცნობას, რომ შემდგომში პატარიძეს შესაძლოა, გაცილებით მძიმე ბრალდებები წაუყენონ.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე რამიშვილმა თავის გადაცემაში – „სუბიექტური აზრი“, უჩვენა ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ შეუკვეთა პატარიძემ ჩეჩენ კილერებს მოსკოვში კანონიერი ქურდის – ვატო ყიფიანის, მკვლელობა, თუმცა, ჩეჩნები, რომლებმაც 100 000 დოლარის ოდენობის ავანსი აიღეს, ყიფიანს დაუკავშირდნენ, მძევლად აიყვანეს შუამავლის როლის შემსრულებელი პატარიძის ძმა ოთარ პატარიძე და აიძულეს, მოეთხრო კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობის გეგმაზე. შემდეგ კილერებმა ძმის მოკვლის მუქარით აჭარის კუდ-ის ხელმძღვანელისგან კიდევ 100 000 დოლარი მიიღეს.
„მაესტროს“ მიერ გავრცელებულ მასალაში არის ვიდეოკადრებიც, სადაც ოთარ პატარიძე ამბობს, რომ ყიფიანის მკვლელობა, სავარაუდოდ მის ძმას შსს-ის ხელმძღვანელობამ დაავალა, პატარიძე კი მხოლოდ ბრძანებას ასრულებდა.
„კომერსანტის“ თქმით, თუ პატარიძე ჩვენებას მისცემს, გამოძიება შესაძლოა, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენმდივან ვანო მერაბიშვილზე გავიდეს, რომელსაც იმჟამად შსს-ის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. გამოცემა იქვე შეახსენებს მკითხველს, რომ საქართველოში მოქმედი კანონით, ნებისმიერი ჩინოვნიკი თავისუფლდება დანაშაულზე პასუხისმგებლობისგან, თუ მისი ხელმძღვანელის მიერ ჩადენილ უფრო მძიმე დანაშაულზე უტყუარ ჩვენებას მისცემს.
ამასთან, ქართველი ექსპერტების განცხადებით, ვატო ყიფიანზე არშემდგარი თავდასხმის ხელწერა ძალიან ჰგავს იმ ხელწერას, რომლითაც გასული წლის მაისში მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს.
„არ გამიკვირდება, თუ დადასტურდება, რომ წინა ხელისუფლებამ ყიფიანისა და დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა, – განუცხადა „კომერსანტს“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, – სააკაშვილი და მისი გუნდი ტერორისტული დაჯგუფებაა, რომლებმაც დროებით დაიპყრეს ქვეყანა“.