პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა ქუთაისში ინაცვლებს

1-ganxilva-politika2საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის მომდევნო ადგილად ქუთაისი დასახელდა.

საპარლამენტო  უმცირესობის წარმომადგენელი  აკაკი ბობოხიძე ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის მიუხედავად განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამს და იმედს იტოვებს, რომ განხილვა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება. შეხვედრაზე ის ნებისმიერ შემთხვევაში მივა: „არ არსებობს „ქართული ოცნების“ არანაირი აგრესიული ძალა, რომელიც შეძლებს, გამაჩუმოს და მაიძულოს, არ მივიდე შეხვედრაზე, თუნდაც, იმ ერთი ადამიანის ხათრით, რომელსაც სურს, მოისმინოს არგუმენტები დატოვების ან გადასვლის სასარგებლოდ“.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ვახტანგ ხმალაძე გმობს აგრესიულ და პროვოკაციულ გამოვლინებებს და განხილვაში მონაწილე მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ნებისმიერი განხილვა უნდა მიმდინარეობდეს მშვიდ გარემოში და განხილვისას უნდა იყოს  აზრთა ჭიდილი და არა – ხმების ან კუნთების. ასეთი შემთხვევების მიზეზად კი ის ასახელებს პროვოკაციულ გამოთქმებსა და წინადადებებს რომელიმე მხარის მიერ, რაც აუცილებლად გამოიწვევს მეორე მხარის გაღიზიანებას. საერთოდ კი, მისი აზრით, „ქუთაისის განვითარებას ხელს ვერანაირად ვერ შეუწყობს პარლამენტის ქუთაისში ყოფნა. ქუთაისის განვითარებას სხვა რამ სჭირდება და  ის 360 მილიონი, რომელიც ამ შენობისთვის დაიხარჯა, ქუთაისს რომ მოხმარებოდა, მათ შორის, ეკონომიკის განვითარების და სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, ბევრად უფრო წაადგებოდა ქუთაისელებს“. ხმალაძის თქმით, ქუთაისში პარლამენტის ყოფნა „ვერც სამუშაო ადგილებს განავითარებს, და ვერც ქუთაისის განვითარებას შეუწყობს ხელს“.