საზოგადოება
პირველად მეგრულ ენაზე

1-kalendarსაქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. მოსკოვში მეგრულ და რუსულ ენებზე პირველად გამოიცა 2013 წლის ილუსტრირებული კალენდარი. ის გაზეთ „გალის“ რედაქციის მუშაკთა ძალებით არის შედგენილი. ამის შესახებ საქინფორმს აფხაზურმა მედიაკლუბმა „აინარმა“ და გაზეთმა „გალმა“ აუწყა.

კალენდარში ასახულია ძირითადი ცნობები ძველი კოლხეთის, მეგრელი ხალხის კულტურისა და ენის  ისტორიიდან. მეგრული ენა კავკასიის იაფეტურ ენათა ე.წ. ქართველურ ჯგუფს მიეკუთვნება. როგორც ფონეტიკური, ისე მორფოლოგიური და სინტაქსური თავისებურებებით ის ყველაზე ახლოს ლაზურ, ანუ ჭანურ ენასთან დგას და მასთან ერთად ქმნის იაფეტური ენების სიბილანტური შტოს სისინა ჯგუფს.

აფხაზეთში, 2003 წლის აღწერის მიხედვით, 44 ათასი მეგრელი და ქართველი (მათი უმრავლესობა მეგრულენოვანია) ცხოვრობდა, მათ შორის, გალის რაიონში – 28919 ადამიანი (რაიონის მოსახლეობის 99%), ტყვარჩელის რაიონში – 8155 ადამიანი (55%). რუსეთში, 2010 წლის აღწერის მიხედვით, მეგრულ ენაზე 1529 ადამიანი ლაპარაკობდა.

1926 წლამდე მოსახლეობის აღწერის დროს მეგრელები მეგრელებად ეწერებოდნენ, მეგრული ენა, ძირითადად, ფუნქციონირებს როგორც ურთიერთობის ზეპირი საშუალება. ძირითად ლიტერატურულ და დამწერლობის ენად ქართული გამოიყენება, რომელსაც მატარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა ფლობს. მეგრელებისთვის დამწერლობის ენად კირილიცას შემოღების მცდელობებს ადგილი ჰქონდა 1860-იან წლებში. პირველი მეგრული გრამატიკის შემდგენელი რუსი პედაგოგი მიხაილ ზავადსკი გახლდათ. 1920-იანი წლებიდან რეგულარულად გამოიყენებოდა ქართული ანბანი (რამდენიმე დამატებითი ასოთი), გამოდიოდა რამდენიმე გაზეთი. ეს ყველაფერი 1938 წელს შეწყდა.

მას შემდეგ დამწერლობა მხოლოდ პირად მიმოწერაში გამოიყენებოდა. მხოლოდ 1990-იან წლებში გამოჩნდა რამდენიმე წიგნი მეგრულ ენაზე (ძირითადად, ლექსიკონები და პოეტური კრებულები). აფხაზეთში ამჟამად გამოდის გაზეთი „გალი“ აფხაზურ, რუსულ და მეგრულ ენებზე.