აქტუალური
პრეზიდენტმა კარინა გრიგორიანი „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვა

1-ordeni-aqtualuri1საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციის კაპიტანი კარინა გრიგორიანი (ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის II სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ყოფილი უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი) ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვა.

კარინა გრიგორიანმა სამინისტრო პირადი გადაწყვეტილებით დატოვა, რის მიზეზადაც ბოლოდროინდელი მასშტაბური ამნისტია დაასახელა. როგორც პოლიციის კაპიტანმა აღნიშნა, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ამნისტიის ფარგლებში რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდებულთა შეწყალება და სასაჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლება.
პრეზიდენტის განცხადებით, ამნისტიის შედეგად პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული არცერთი ადამიანი არ ყოფილა პოლიტპატიმარი. ის მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც დღემდე მუშაობენ პოლიციაში და საქართველოს ინტერესებს ემსახურებიან.

„მინდა კარინასნაირ ადამიანებს დიდი მადლობა ვუთხრა. დარწმუნებული ვარ, დადგება ის დრო, როდესაც ის დაბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამ სტრუქტურაში გააგრძელებს ბრძოლას ჯაშუშებთან და კრიმინალთან. მინდა, შსს-ის უკვე ყოფილ ოფიცერს გადავცე ის, რაც მას შეეფერება – „ღირსების ორდენი“. მას უკვე აქვს „ვახტანგ გორგასლის ორდენი“, რომელიც სწორედ უცხოურ სპეცსამსახურებთან ბრძოლისთვის მიიღო. ვფიქრობ ყველაფერი წინ არის. მინდა, კიდევ გადავუხადო მას მადლობა ამ გაბედული ნაბიჯისთვის“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.