საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. გუშინ, 16 იანვარს, მოსკოვის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს პოსტსაბჭოთა სივრცეში კრიმინალური სამყაროს ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი, კანონიერი ქურდი, 75 წლის ასლან უსოევი, მეტსახელად „დედ-ჰასანი“. რუსული მაფიის მეფე დღისით-მზისით რესტორნიდან გამოსვლისას ჩაცხრილეს. მოგვიანებით იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ რფ-ის შსს-ის პრესცენტრი აცხადებს.
პრესცენტრის მონაცემებით, გასროლის ხმა, დაახლოებით, 14:30 საათზე გაისმა პოვარსკის ქუჩაზე, №52 სახლთან, როცა დედ-ჰასანი რესტორან „კარეტნი დვორიდან“ გამოდიოდა. სხვა ცნობებით, თავდასხმა ბოლშაია ნიკიტსკაიას ქუჩაზე, №55 სახლის მახლობლად, კაფე „სტარი ფაეტონთან“ განხორციელდა. ჟურნალისტური გამოძიების სააგენტო „აჟურის“ ცნობით, ეს სახლი დედ-ჰასანის ერთგვარი შტაბ-ბინა იყო.მძიმედ დაჭრილი მაფიოზი ბოტკინის სახელობის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც იგი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. პოლიციის განცხადებით, უსოიანი – თავში, ხოლო რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ყელის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად დაიღუპა. ზოგიერთი ცნობით, დაიჭრა მავანი ქალი, რომელიც – შემთხვევითი გამვლელი, სხვა ცნობებით კი, რესტორან „სტარი ფაეტონის“ ოფიციანტი იყო, რომელიც უსოიანის გასაცილებლად გამოვიდა. ქალი რიკოშეტის შედეგად არის დაჭრილი და საავადმყოფოშია მოთავსებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ სააგენტო „როსბალტი“ იტყობინება.
წინასწარი ინფორმაციით, უსოიანს პოვარსკის ქუჩაზე მდებარე სახლის სახურავიდან ოპტიკურსამიზნიანი შაშხანიდან 6-ჯერ ესროლეს და კილერის იარაღიც – დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანაც, იქვე იპოვეს. თუმცაღა, მოგვიანებით, საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს მიერ გავრცელებული ცნობით, გასროლა, სავარაუდოდ, რესტორნის მოპირდაპირედ მდებარე საცხოვრებელი სახლიდან სპეციალური უხმაურო ავტომატ „ვალიდან“ განხორციელდა, რომელსაც რფ-ის შსს-სა და „ეფ-ეს-ბეს“ ქვედანაყოფები იყენებენ.
ამასთან, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ირწმუნებიან, რომ დედ-ჰასანი ერთადერთი ტყვიისგან გარდაიცვალა. ამასთან, არაფერს იტყობინებიან იმის თაობაზე, თუ თავდასხმის მომენტში რა მოიმოქმედა უსოიანის დაცვამ, რომელიც მას გვერდიდან არასდროს სცილდებოდა.