საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა ბიძინა ივანიშვილისა და ტიგრან სარგსიანის პირისპირ შეხვედრა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა საკითხი კეთილმეზობლური პოლიტიკის კონტექსტში უნდა გადაწყდეს.
შემდეგ გაიმართა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ოფიციალურ დელეგაციათა მოლაპარაკებები. შეხვედრის მთავარი თემა სომხეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების გაღრმავების გზები გახლდათ.
დღის მეორე ნახევარში, საქართველოს დელეგაცია ეწვევა ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარს, რის შემდეგაც დაგეგმილია საქართველოს პრემიერის შეხვედრა სრულიად სომხების კათალიკოს გარეგინ მეორესთან. ვიზიტის დასასრულ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ტიგრან სარგსიანის სახელით გაიმართება ოფიციალური სადილი.
მოგვიანებით იგეგმება გაფართოებული შეხვედრა, სადაც საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას.