საზოგადოება
საქართველო-ესტონეთის ორმხრივი თავდაცვითი თანამშრომლობის მიმართულებები

 

1-ormxrivi-sazogadoee3საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს თავდაცვის სამინისტროდან ატყობინებენ, საქართველოსა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2013 წლის თანამშრომლობის მიმართულებები განისაზღვრა. ამ მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დღეს ესტონეთის დელეგაცია ეწვია ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორ ინდრეკ სირკის ხელმძღვანელობით. დელეგაცია თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან დოლიძემ მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ნარდაია და სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სამხედრო განათლებასაც. ლევან დოლიძემ ესტონელ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ესტონეთში, ქალაქ ტარტუში მდებარე ბალტიის თავდაცვის კოლეჯში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ სტუმრებს ესტონელი სამხედროების საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში 2013 წელს კურსების გავლა შესთავაზა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტოს (NAMSA) მიერ განხორციელებულ პროექტ „საქართველო III“-ში ესტონეთის ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ჰუმანიტარული განაღმვის სფეროშო, საინჟინრო ასეულის წვრთნასა და აღჭურვას ითვალისწინებდა.

შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2013 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა დავით ნარდაიამ და მისმა ესტონელმა კოლეგამ, საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა ინდრეკ სირკმა.