აქტუალური
მთავარი პროკურატურა მეგის ქარდავასთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს

1-qardava-aqtuaa3საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. გუშინ მთავარმა პროკურატურამ  შაუმდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მეგის ქარდავასა და სხვა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებისა და  ქარდავასათვის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების შეჩერების მოთხოვნით.

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება  ბრალდებულ სერგო ალექსანდრეს ძე თეთრაძის გარდაცვალების, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენებისა და მათი მხრიდან სხვადასხვა სახის ძალადობის განხორციელების ფაქტზე.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ჯაშუშობაში ბრალდებულ პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე ციხის ადმინისტრაციის მიერ სქესობრივი წამების შედეგად დაიღუპა.

გამოძიების მიერ დადგენილია, რომ სამხედრო პოლიციის შენობაში მეგის ქარდავა ალ. მუხაძეს (მეტსახელად, „ქილერა“) და დეპარტამენტის სხვა ოპერატიულ თანამშრომლებთან ერთად  4-5 საათის განმავლობაში  საშინლად სცემდა და აწამებდა აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით პატიმრებს.

განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად  იძალადეს თეთრაძეზე, რის შემდეგაც პატიმარმა დაკარგა გონება და დაახლოებით ნახევარ საათში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე დაიკითხა მრავალი მოწმე, რომელთა დაკითხვებით ირკვევა, რომ სამხედრო პოლიციის სხვადასხვა თანამშრომლის მხრიდან  ადგილი ჰქონდა მტკიცებულებათა უხეშ ფალსიფიკაციას, დაკავების ოქმების  გაყალბებას და სერგო თეთრაძისა და სხვა მასთან ერთად დაკავებული პირების მიმართ ფიზიკურ ძალადობას, ცემას და სხვა სასტიკ მოპყრობას.

ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის 2013 წლის 14 იანვარს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს და შემდგომში ამ დეპარტამენტის უფროს მეგის ქარდავას, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორ ალექსანდრე მუხაძეს, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროს ოლეგ ფაცაციას, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროს ვიქტორ ყაჭეიშვილს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით –  წამებაში, წამების ორგანიზებასა და სხვა ძალმომრეობითი მოქმედებების ორგანიზებაში.