პოლიტიკა
პრეზიდენტის შეხვედრა ქუთაისელ სტუდენტებთან

1-student-politikaa2საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც ქუთაისში იგეგმებოდა და ამ ეტაპზე შეჩერებულია. ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად ქცევა მიზნად ისახავდა მთლიანად დასავლეთ საქართველოს განვითარებას. მიხეილ სააკაშვილის თქმით, პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირება რეგიონს განსაკუთრებულ მნიშვნელობას შესძენდა, მათ შორის, დასაქმების, ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და ტურისტული პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით.

მიხეილ სააკაშვილმა იმ საშიშროებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას მოჰყვება. პრეზიდენტმა იმ მიღწევების შესახებაც ისაუბრა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ცხრა წლის განმავლობაში ჰქონდა, კრიმინალის შემცირების თუ ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით და აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა სწორედ იმ სახეებს აბრუნებს თანამდებობებზე, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანას არავითარი პერსპექტივა არ გააჩნდა.

სტუდენტებთან შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტმა სტუდენტების კითხვებსაც უპასუხა.