მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოკვლევის მასალები საჯარო გახდება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ბექა გოჩიაშვილისა და მისი ძმის – ლაშა გოჩიაშვილის, მოწმის სახით დაკითხვის დროს ადგილი ჰქონდა პოლიციელთა მხრიდან მუქარას, ზეწოლას და უფლებამოსილების გადამეტებას, შსს კანონის სრული დაცვით მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
რაც შეეხება ბექა და ლაშა გოჩიაშვილების მოწმის სახით დაკითხვის აუცილებლობას, 2013 წლის 4 იანვარს ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ქ.თბილისში, მ. კოსტავას ქუჩა N63ა-ში მდებარე ნანა დავითაიას საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტზე, საიდანაც მოიპარეს სეიფი, რომელშიც ნანა დავითაია ინახავდა 60 000 ევროს, 20 000 ლარს, 10 000 აშშ დოლარს და 300 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროულობას.
მოწმეთა ჩვენებებით გაირკვა, რომ ბინის გასაღებით ისარგებლა რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის, ბექა გოჩიაშვილმა, რომელიც ნანა დავითაიას თანხმობით, ერთი დღე დარჩა აღნიშნულ ბინაში, სადაც მას ესტუმრნენ მეგობრები.
2013 წლის 8 იანვარს, საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ არასრულწლოვანი ბექა გოჩიაშვილი, მშობლის – ვალერიან გოჩიაშვილის, თანდასწრებით და ბექას ძმა ლაშა გოჩიაშვილი. ბექა გოჩიაშვილმა განმარტა, რომ ბინაში ყოფნის დროს მისმა მეგობრებმა სახლი დაათვალიერეს და ეძებდნენ ,,იუ-ეს-ბი“-ს გადამყვან კაბელს, რა დროსაც, ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა, რომლის ვინაობაც არ ახსოვს, დაუძახა საძინებელი ოთახიდან და უთხრა, რომ კარადაში იყო სეიფი. იგი შევიდა, ნახა სეიფი და მეგობრებს სთხოვა, ძებნა აღარ გაეგრძელებინათ, ვინაიდან თავი ძალიან უხერხულად იგრძნო. 2013 წლის 4 იანვრის ღამეს კი გაიგო, რომ დავითაიას ბინიდან სეიფი იყო მოპარული.
აღნიშნულ საქმეზე იმავე დღეს მოწმის სტატუსით დაიკითხნენ ბექა გოჩიაშვილის მეგობრებიც.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აწარმოებს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს V განყოფილება.