პოლიტიკა
მაია ფანჯიკიძის ვიზიტი ჩეხეთში

1-fanjikiZe-politika1საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ატყობინებს, გუშინ, 15 იანვარს, შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე მიროსლავა ნემცოვას და პირველ ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრ კარელ შვარცენბერგს.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას, მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციის თემებს. აღინიშნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების კუთხით მიღწეული შედეგები და ამ მხრივ ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერა. მხარეებმა, ასევე, განიხილეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ადგილობრივი პრესის (გაზეთები „ლიდოვე ნოვინი“, „მლადა ფრონტა დნე“) და რადიო „თავისუფლების“ რედაქციის წარმომადგენლებს შეხვდა.