უცხოეთი
ტიმოშენკომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია შეწყვიტა

1-timoS-ucxსაქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის ყოფილმა პრემიერმა იულია ტიმოშენკომ, რომელიც მკურნალობის კურსს ხარკოვის კლინიკურ საავადმყოფოში გადის, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია შეწყვიტა. ამის შესახებ კაჩანოვის გამოსასწორებელი კოლონიის უფროსმა იგორ კოლპაშჩიკოვმა განაცხადა.

„ექს-პრემიერის მოთხოვნათა უმეტესობა შესრულებულია“, - აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ ტიმოშენკო მეციხოვნეებისგან მის პალატაში სადღეღამისო ვიდეომეთვალყურეობის გაუქმებასა და იქიდან დაცვის გაყვანას ითხოვდა. პროტესტის ნიშნად მან სამკურნალო პროცედურები შეწყვიტა და პალატაში შესვლაზე უარი განაცხადა.

ტიმოშენკოს თანამოაზრის, ანდრეი პავლოვსკის განცხადებით, კაჩანოვის კოლონიის ხელმძღვანელობამ მსჯავრდებულის პალატიდან ვიდეოკამერები მოხსნა და ისინი მხოლოდ საავადმყოფოს დერეფანში დატოვა. თუმცა, მოგვიანებით, კოლონიის ხელმძღვანელმა კოლპაშჩიკოვმა უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ ტიმოშენკოს პალატაში კამერები კანონის  მოთხოვნების შესაბამისად აყენია.

ამგვარად, გაუგებარია, თუ რა მოთხოვნები დაკმაყოფილდა კოლონიის ხელმძღვანელობის მიერ.

თუმცაღა, ცნობილია, რომ ტიმოშენკო სამედიცინო პროცედურების განახლებასაც დათანხმდა.