უცხოეთი
საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. შტუტგარტში, სამშაბათს, 15 იანვარს, ორი სავარაუდო რუსი ჯაშუშის სასამართლო პროცესი დაიწყო. სასამართლოს წინაშე წარდგნენ ცოლ-ქმარი ანდრეას და ჰაიდრუნ ანშლაგები, რომლებიც 2011 წელს დააპატიმრეს.
ბრალდების ვერსიით, ანშლაგები (თავად ისინი ირწმუნებიან, რომ ალექსანდრე და ოლგა როსტები ჰქვიათ), 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საიდუმლო ცნობებს აწვდიდნენ ჯერ „კა-გე-ბეს“, ხოლო სსრკ-ის დაშლის შემდეგ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს. გერმანიაში ისინი 1989-1990-იან წლებში ჩავიდნენ და თავი ლათინო-ამერიკული წარმოშობის ავსტრიელებად გაასაღეს.გერმანიაში ისინი სპეციალიზდნენ ევროკავშირისა და ნატოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე, მათ შორის, სამხედრო სფეროშიც.
გერმანული კონტრდაზვერვა ცოლ-ქმარზე აღმოსავლეთ ევროპელი და ამერიკელი კოლეგების დახმარებით გავიდა. მედიის ცნობით, ანშლაგების რუსმა ხელმძღვანელობამ წყვილის ჩავარდნის შესახებ შეიტყო, თუმცა, გერმანიიდან მათი გაყვანა დროულად ვერ მოახერხა. ჰაიდრუნი 2011 წელს - მარბურგში, მისი ქმარი კი ბალინგენში დააკავეს. დაკავებულებს 10-წლიანი პატიმრობა ელით.