პოლიტიკა
მერაბიშვილი: საქართველოში საბიუჯეტო კრიზისი დაიწყო

1-merabiSvსაქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. დღეს, 15 იანვარს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა  ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საბიუჯეტო კრიზისი დაიწყო, რაც მისი თქმით, ბიუჯეტში რეალური შემოსავლების კლებამ განაპირობა. იკლო ექსპორტმაც და იმპორტმაც, შემცირდა წარმოება და ვაჭრობა ქვეყანაში. ამავდროულად კი საგანგაშოდ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკურ სუბიექტებს შორის ვალების ოდენობა.

მერაბიშვილის თქმით, ქვეყანაში შევარდნაძის დრო ბრუნდება და სახელმწიფო ბიზნესმენებს გადასახადების წინასწარ გადახდას აიძულებს. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მიზეზად კი „ნაციონალური მოძრაობის“ გენმდივანმა შემდეგი ფაქტორები დაასახელა: ბიზნესის შევიწროება; ინფრასტრუქტურული პროექტების შეწყვეტა, რამაც უმუშევრობა და ბიუჯეტში შემოსავლების კლება გამოიწვია; ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კონკრეტული გეგმის არარსებობა.

მერაბიშვილისავე განცხადებით, 22 იანვარს „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას ეკონომიკის უკუსვლის დამადასტურებელ კონკრეტულ ციფრებსა და მონაცემებს წარუდგენს.