„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე გაკეთებული კომენტარი სომხურ მედიაში სკანდალის მიზეზი გახდა და მაია ფანჯიკიძემ ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრ აკაკი მინაშვილის განცხადებით, ფანჯიკიძე არაკომპეტენტურია და მისი საქციელი საქართველოს იმიჯს ლახავს.
„ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ძალიან გაუაზრებელი განცხადებები ლიტვაში, რომლის შედეგადაც, გადადების პირას არის სომხეთში პრემიერის ვიზიტი“, – აღნიშნა მინაშვილმა.
ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ 17 იანვარს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი სომხეთში არ გადაიდება.
თავის მხრივ, სომხურმა მედიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა თხოვნით, განემარტათ, ნამდვილად გაკეთდა თუ არა ასეთი განცხადება. საქართველოს საგარეო უწყებამ კი განმარტა, რომ მინისტრმა აზერბაიჯანელი დიპლომატის კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ საქართველო პატივს სცემს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ამასთან, არ უხსენებია, რომ ამას მთიან ყარაბაღს უკავშირებს, მიუხედავად აზერბაიჯანის ელჩის მცდელობისა, ეს ორი საკითხი ერთმანეთთან დაეკავშირებინა.
უფრო მეტიც, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა ამ შეხვედრის ვიდეოჩანაწერის ბმული, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ ლიტვაში სომხეთის ელჩის არა აივაზიანის კითხვაზე პასუხისას ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ყოველი კონფლიქტი სპეციფიკურია და გადაჭრის საკუთარი გზა აქვს.