სამართალი
საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ ახალი მოწმეების დაკითხვის თხოვნით საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა.
როგორც რუსუდან შარაძე ამბობს, გურამ შარაძის მკვლელობის ათეულობით მოწმე არსებობს, რომლებიც გამოძიებას ჯერ არ დაუკითხავს.მისი განცხადებით, ახალი მოწმეების ჩვენებები აბსოლუტურად არ ემთხვევა გურამ შარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბარათელის გარეგნულ აღწერილობას. ამასთან, იგი ითხოვს პროკურორ გიორგი ჩივიაშვილის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილისა და პატრულის თანამშრომლების – ლევან ბოჭორიშვილისა და რობერტ პანიევის – დაკითხვას.
გურამ შარაძის საქმეში ამიერიდან ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილთან ერთად ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძეც ჩაერთვება.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ პროფესორ გურამ შარაძეს 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების გადაკვეთაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლეს, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. სამართალდამცველებმა გიორგი ბარათელი დააკავეს, თუმცა თავად დაკავებულიც და შარაძის ოჯახის წევრებიც აცხადებენ, რომ ბარათელი მკვლელი არ არის. ოჯახის წევრები მკვლელობას პოლიტიკურ ნიადაგზე განიხილავენ.