საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო განცხადებას ავრცელებს

1-mauwyebeli-sazogadoeba1საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მაუწყებლის შესახებ არასამთავრობოებისა და მედიაექსპერტების მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საბჭოს წევრების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური ძალების სრული კონტროლი დამყარდება. მასში ჩადებული მექანიზმები კი ასეთი კონტროლის საშუალებას მისცემს ყველა მორიგი საპარლამენტო არჩევნების შედეგად გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალებს. 
სამეურვეო საბჭოს მიაჩნია, რომ პროექტი მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რეალურად გადაიქცეს სახელმწიფო ტელევიზიად, მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის უმთავრესი ფუნქციაა, იყოს თავისუფალი პოლიტიკური კონიუნქტურისგან და ასრულებდეს თავის ძირითად მიზანს – მიაწოდოს მოსახლეობას დაბალანსებული და მიუკერძოებელი ინფორმაცია, ხელი შეუწყოს თანამედროვე დასავლური ფასეულობების განმტკიცებას და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების აზრის წარმოჩენას. საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე მდგარი უმთავრესი ამოცანების წარმატებით შესრულება ნიშნავს იმას, რომ არსებული რეგულაციები ქმედითია და განაპირობებს პოლიტიკური რყევების, კრიზისებისა და პოლიტიკური ცვლილებებისაგან მაუწყებლის საქმიანობის დამოუკიდებლობას. მაუწყებლის საქმიანობის ეფექტურობაზე ვერ იმოქმედა ზეწოლის ისეთი მექანიზმების ამოქმედებამ, როგორიცაა არაგეგმიური ფინანსური რევიზიები, სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხში ხისტი პოზიცია და პოლიტიკური მუქარები.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაუშვებლად მიაჩნია წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ. აღნიშნული ცვლილებების მიღება ჩვენ მიერ აღიქმება საზოგადოებრივ მაუწყებელზე განხორციელებულ ზეწოლად და მისი დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობად“, – ნათქვამია განცხადებაში. 
მაუწყებლის კანონში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე შესულია პარლამენტში. 
პარალელურად, კანონპროეტთან დაკავშირებით სამეურვეო საბჭოს განცხადებას პროექტის ავტორები ეხმაურებიან. მათი განცხადებით, ცვლილებები კომლექსურია და მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ეხება. ავტორები ცვლილებებში პოლიტიკური საფუძვლის არსებობას უარყოფენ.