აქტუალური
სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფმა სხდომა გამართა

1-cvlilebebi-aqtualuri1საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. სისხლის სამართლის რეფორმირების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასტუმრო „რედისონში“ გუშინ  სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელსაც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის წევრებიც ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ გახსნა, რომელმაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ ისაუბრა. მან სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამარათლოს განსჯადობის გაფართოებას ითვალისწინებს.

სხდომა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრის ფარგლებში, სისხლის სამართლის რეფორმირების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებასა დასაბჭოს სხდომების მოწვევისა და ჯგუფების ფორმირების შესახებაც იმსჯელეს.

ცნობისათვის: სისხლის სამართლის რეფორმირების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო უწყებათაშორისი ორგანოა, რომელიც კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების გათვალიწინებით, შეიმუშავებს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიას; უზრუნველყოფს უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციას, ამზადებს სპეციალურ წინადადებებსა და რეკომენდაციებს სასჯელაღსრულების, პრობაციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე.