საზოგადოება
სიმართლისთვის ბრძოლა ახალ ეტაპზე გადადის

1-simarTlisTvis-sazogadoebaსაქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. ყოფილი პოლიტპატიმრები, რომლებმაც საპატიმრო გუშინ დატოვეს, ნასამართლეობის სტატუსის მოსახსნელად და რესოციალიზაციისათვის ზრუნვას იწყებენ.

2011 წლის მაისში ე.წ. ყინწვისის საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებულმა ნიკა გოგუაძემ და ოლეგ კეშელავამ ადვოკატებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქმის ირგვლივ არსებულ დეტალებზე ისაუბრეს.

როგორც კეშელავას ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძ აცხადებს, „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, განსხვავებით, სხვებისაგან, ბრალში უწერია: „შეიკრიბნენ რა ყინწვისში, გადაწყვიტეს, მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება ძალადობრივი გზით... ოლეგ კეშელავა ყინწვისში საერთოდ არ იყო“... მისი განცხადებით, ამის მიუხედავად,  სრულიად უსაფუძვლოდ წაუყენეს მას ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.

ნიკა გოგუაძის თქმით, სახალხო კრებასთან“ „ეროვნულ სარწმუნოებრივ მოძრაობას არანაირი კავშირი არ ჰქონდა – ამ ორი მოძრაობის ერთმანეთთან დაკავშირება დადგმული სპექტაკლი იყო, რათა ნინო ბურჯანაძეს და მის პარტიას ჩირქი მოსცხებოდა. ახლა ის აპირებს რეაბილიტაციას, ხალხს და ჟურნალისტებს შეატყობინოს სრული სიმართლე.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: 2011 წლის 25 მაისს სპეცრაზმელებმა ყინწვისის სამონასტრო კომლექსში 23-კაციანი ჯგუფი  დააკავეს. მათ შეიარაღებული გზით ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ედებოდათ. ნიკა გოგუაძეს და ოლეგ კეშელავას დანაშაული არ უღიარებიათ. სასამართლომ გოგუაძეს 12, ხოლო კეშელავას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭების შემდეგ გოგუაძემ და კეშელავამ სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად ციხეები გუშინ ამნისტიის კანონის საფუძველზე დატოვეს.