პოლიციის აკადემიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადების ახალი პროგრამა დაამტკიცა. უცხოელი ექსპერტების დახმარებით, სასწავლო პროგრამები საფუძვლიანად გადამუშავდა: არსებითად გაიზარდა მათი ხანგრძლივობა, დაემატა პრაქტიკული სავარჯიშოები, დეტალურად გაიწერა სწავლების შედეგად მიღებული უნარ-ჩვევები და კომპეტენციები.
აკადემიაში დაინერგა სწავლების თანამედროვე მეთოდები: პრაქტიკული და საველე სავარჯიშოები, იმიტირებული სცენები, სისტემატიზებულია სტანდარტულ სიტუაციებში პოლიციელის ქცევის წესები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პოლიციელის საზოგადოებასთან ურთიერთობას.
შემუშავდა მსმენელთა მიღების ახალი წესიც: კანდიდატებს ტესტირება და გასაუბრება ახალი მეთოდებით ჩაუტარდებათ. ასევე, განახლდა მიმღები კომისიის შემადგენლობა. პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, კანდიდატის საჩივრის განხილვის ახალი პროცედურები განისაზღვრა.
გარდა ამისა, სასწავლო პროცესის დახვეწის მიზნით, დამტკიცდა ახალი შინაგანაწესი.