სამთავრობო კომისიას ჯანდაცვის და სოციალური დახმარების საკითხთა მინისტრი დავით სერგეენკო უხელმძღვანელებს. „კომისიაში მოადგილეების დონეზე შევა ყველა დაინტერესებული უწყების წარმომადგენელი და უახლოეს პერიოდში გახდება ნათელი, რამდენად ქმედით ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს მთავრობა ვეტერანების, ომში დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახების მოსავლელად, მათთვის იმ გარანტიების მისაცემად, რაც აუცილებელია ღირსეულ, თავმოყვარე ქვეყანას ჰქონდეს. ქვეყანა ფასდება იმით, როგორ უვლის ომში დაღუპული გმირების ოჯახებს“, – აღნიშნა ალასანიამ. მისივე განმარტებით, ვეტერანებზე ზრუნვა წელს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. მათი დახმარების პროგრამა კი გულისხმობს როგორც ფინანსურ შემწეობას, ისე პენსიების ოდენობის განსაზღვრას და ამ მიმართულებით სპეციალური საკანონმდებლო წინადადებების შემუშავებას.
ირაკლი ალასანია ყველა სამხედრო მოსამსახურეს ულოცავს ძველით ახალ წელს და აღნიშნავს: „ქართულ არმიაში ბევრი რამ შეიცვლება უკეთესობისკენ. ეს წელი ქართველ ჯარისკაცზე, ვეტერანებზე და სამხედროების ოჯახებზე ზრუნვის წელი იქნება“.