სამართალი
საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. ამნისტიის პირველი ეტაპი გუშინ განხორციელდა. დილის 10 საათიდან, ოფიციალური ცნობით, 190 პოლიტპატიმარი გათავისუფლდა საქართველოს სასჯელაღსრულების 13 დაწესებულებიდან.
ყველაზე მეტმა პოლიტპატიმარმა გლდანის მე-8 საპყრობილე დატოვა. მათ ციხესთან დახვდნენ ახლობლები, ხოლო საპყრობილიდან ისინი ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და ამნისტიის პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ეკა ბესელიამ სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძესთან ერთად გამოაცილა.უჩა ნანუაშვილის თქმით, „დღევანდელი დღე არის ისტორიული. პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა დამთავრდა. ეს პროცესი გრძელდება. ამ ადამიანებს სჭირდებათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია“.
25 პოლიტიკური დევნილი დღეიდან მიიღებს გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს განჩინებას. ყველაზე მასშტაბურად ციხეებს 3000 პატიმარი ამნისტიის მეორე ეტაპზე ორი თვის შემდეგ დატოვებს. 17 ათასზე მეტი ადამიანის მიმართ კი შემსუბუქდება სასჯელი და გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება ამნისტიის გავრცელების შესახებ.
გათავისუფლებული პოლიტპატიმრები გუშინ სამების ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ისინი დღეიდან სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ იმ მაღალჩინოსანთა მიმართ, რომლებმაც შეთითხნილი ბრალდებებით უსამართლოდ გაატარებინებეს მათ ციხეებში ამდენი დრო წამებისა და დამცირების ფონზე.