სამართალი
თეა თუთბერიძე: „რა საფრთხეებს შეიცავს ივანიშვილის ხელისუფლების ინიციატივა ნაფიც მსაჯულებზე“

1-tutber-samartali1საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. თავისი წერილის გამოქვეყნების თხოვნით საქინფორმს მომართა თეა თუთბერიძემ, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:

„უცნაურ სიტუაციაში ვართ, ყველას უჩნდება კითხვა – სად შეიძლება ვნახოთ სამართლიანი სასამართლო და რა გზებით მივაღწიოთ მისდამი საზოგადოების ნდობას. დღეს, თუ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს ,კვლავ ნაციონალების გავლენებზე ალაპარაკდებიან, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში კი – პირიქით. ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ ამ შემთხვევაში, პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის ამოქმედება საუკეთესო გამოსავალია – მოსამართლე ერთია, მსაჯული კი 12 იქნება.

ზოგადად, მე ნაფიცი მსაჯულების არსებობას ვეთანხმები და აბსოლუტურად სწორიც მგონია, თუმცა, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გაჟღერებული ეს ინიციატივა დიდი საფრთხის შემცველია. ახალმა ხელისუფლებამ თავისი საქმიანობა წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დაჭერით დაიწყო. დაკავებულთა შორის პირველი ყოფილი შს და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია იყო, ბოლო ასეთი გახმაურებული საქმე კი „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, ასევე, ალექსანდრე ხეთაგურის, კახა დამენიას და სხვათა დაკავება გახლდათ.

დღეისთვის ახალ ხელისუფლებას 40-ზე მეტი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული და დევნილი პირი ჰყავს წინა ხელისუფლების რიგებიდან. წესით, პროკურატურა დაკავებული უნდა ყოფილიყო ამ ადამიანებზე მტკიცებულებების და სამხილების შეგროვებით. რეალობა კი საპირისპიროა – ყველაზე გახმაურებული და რეზონანსული საქმეების მთავარი მოქმედი პირის – ბაჩო ახალაიას არცერთ საქმეში პროკურატურას არ გააჩნია არცერთი მტკიცებულება და სამხილი. ამ ვითარებაში, როგორც მთავარი პროკურორი, ასევე იუსტიციის მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, დაკავებულები იყვნენ და არიან მის წინააღმდეგ უაპელაციო და მიზანმიმართული ცილისმწამებლური განცხადებების კეთებით, რომელსაც ყოველდღე ისმენს საზოგადოება.

რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ადამიანის მკვლელად, მწამებლად, სადისტად, ჯალათად, მონსტრად წარმოჩენა, როცა რეალურად არანაირი მტკიცებულებები და სამხილი არ გაგაჩნია „ჩადენილი“ დანაშაულებების დასამტკიცებლად? სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებების შედეგად, დარწმუნებულია, რომ ბაჩო ახალაია არის დამნაშავე. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ ვითარებაში პროკურატურა – როცა მტკიცებულებები და სამხილები არ გააჩნია, ამ დროს კი ამ ქვეყანაში მცხოვრები ხალხის საკმაოდ დიდ ნაწილს სჯერა, რომ ბაჩო ახალაია არის მკვლელი, ჯალათი, სადისტი, მწამებელი, მონსტრი და ა.შ.?

პროკურატურაში კარგად იციან, რომ თუ ახალაიას საქმეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ძლიერი მოსამართლე განიხილავს, რომელსაც წულუკიანის და მისი მსგავსი სუბიექტების მუქარის არ შეეშინდება, ეს შეთითხნილი საქმეები ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ თავზე დაემხობათ. ამიტომ გამოსავალი მონახეს და გადაწყდა „ხალხის მართლმსაჯულება“ გამოიყენონ – ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი აამოქმედონ. ეს იმ ფონზე, როცა დღეს ხელისუფლება აცხადებს, რომ საზოგადოების 70%-ანი მხარდაჭერით სარგებლობს და რომ მათი რეიტინგი „ზენიტშია ასული“, რომ „სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების დაჭერები საზოგადოების დაკვეთაა“, რომ ეს ხელისუფლება „ხალხის ნების აღმსრულებელია“ და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ნაფიცი მსაჯულების გამოყენება, რბილად რომ ვთქვათ, პირდაპირი ნიშანია იმ პოლიტიკური დევნის „გაპრავებისა“, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება იყენებს სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ! ეს ხომ მკვლელობის ჩვეულებრივი საქმეები არ არის, სადაც ნაფიც მსაჯულებს არ აქვთ წინასწარი ინფორმაცია იმ საქმეზე, რომელსაც ისინი განიხილავენ და არც წინასწარი განწყობები აქვთ ჩამოყალიბებული? 70% -იანი ნდობის მქონე გუნდი ამბობს, რომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა საქმეები სასამართლო განხილვის დროს?  70%-იანი ნდობის ფონზე, ამ ხალხიდან, ანუ 12 ნაფიცი მსაჯულიდან 8-9 კაცი „ოცნების“ მხარდამჭერი გამოვა. ამ ვითარებაში, რამდენად შესაძლებელია ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა, ამას ალბათ ყველა ვხვდებით. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მიზანმიმართულ უაპელაციო და ცილისმწამებლურ კამპანიას ამჟამინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან წინა ხელისუფლების ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ და ამით ხელოვნურად საზოგადოებრივი აზრის მათ წინააღმდეგ ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

რა არის გამოსავალი?

რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რომ ნაწილმა არ ვთქვათ, რომ ზეწოლაა პროკურატურის მხრიდან სასამართლოზე, ხოლო მეორე ნაწილმა არ იძახოს, რომ სასამართლო სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ არისო? ამ ვითარებაში, ყველაზე სწორი იქნება გავახსენოთ იუსტიციის მინისტრს მისი საკმაოდ კარგი ინიციატივა, რომელიც მან 2012 წლის ნოემბერში წამოაყენა და რომლის მიხედვითაც სასამართლო პროცესების პირდაპირ ეთერში გადაცემის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდათ ტელევიზიებს (სამწუხაროდ, შემდგომ პერიოდში მას ამ ინიციატივაზე აღარაფერი უთქვამს. ეტყობა თავიდან იმედი ჰქონდა, რომ ბაჩო ახალაიას ბრალდებებს დაუმტკიცებდნენ). დამეთანხმებით ალბათ, რომ როცა საზოგადოების მხრიდან ინტერესი მაღალია, მნიშვნელოვანია ,საზოგადოებამ თავად შეძლოს, მოისმინოს და დაინახოს, თუ რა მტკიცებულებები, რა სამხილები იქნება წარმოდგენილი პროკურატურის მიერ და რით შეძლებს დაცვის მხარე საკუთარი სიმართლის დაცვას. ამის შემდეგ საზოგადოებამ შეაფასოს, როგორ გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე. იქნება ის ვინმეს გავლენის ქვეშ, თუ შეძლებს იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი! აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თუ ვინმე სასამართლო სხდომის დროს პოლიტიკურ შოუს მოაწყობს – დარბაზში სკამებზე იხტუნავებს, პლაკატებს დაიჭერს და ა.შ. ამისთვის უკვე არსებობს შესაბამისი ზომების მიღების შესაძლებლობა“.