პოლიტიკა
პუტინმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იუბილე მიულოცა

pozdravil-polit-2საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საიუბილეო თარიღები მიულოცა და ხაზგასმით აღნიშნა მისი თბილი დამოკიდებულება რუსეთისადმი.

„მიიღეთ გულითადი მილოცვა თქვენი პატრიარქად მოღვაწეობის 35-ე წლისთავსა და დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით… ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს თბილ დამოკიდებულებას რუსეთისადმი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი. ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას და მოწოდებას მშვიდობისკენ, სიყვარულისა და ურთიერთგაგებისკენ, რომელიც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვანი, მეგობრული ურთიერთობების რთულ პერიოდში შენარჩუნებას. დარწმუნებული ვარ, რომ სულიერი, კულტურული და ჰუმანიტარული დიალოგი არის მყარი საფუძველი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის“, - ნათქვამია რფ-ის პრეზიდენტის მისალოც დეპეშაში, რომლის ტექსტიც კრემლის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული და რომელიც კულტურის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა მიხეილ შვიდკოიმ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 35-ე და დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში მიმდინარე კონფერენციაზე წაიკითხა. შვიდკოიმ უწმინდესს რუსეთის პრეზიდენტის სახელით ხატი გადასცა და აღნიშნა, რომ "ხატმა არამშვიდობიან და კონფლიქტურ პერიოდში ხშირად აღმოუჩინა დახმარება რუსეთს".