ადეიშვილის საქმის მასალები ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს გადაეგზავნება
საქართველო, 11 იანვარი,
საქინფორმი. საქართველოს პროკურატურამ უკვე გადაუგზავნა შსს თბილისის ინტერპოლის ბიუროს მასალები ზურაბ ადეიშვილზე. ეს დოკუმენტაცია დღესვე გადაეგზავნება ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს საფრანგეთის ქალაქ ლიონში. საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის სამართლებრივი დეპარტამენტი დეტალურად შეისწავლის საქართველოს გენერალური პროკურატურის დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც უნდა გამოცხადდეს ზურაბ ადეიშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა. მას ბრალი ოთხი მუხლით აქვს წაყენებული: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის სს საქმეებზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზება. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ასევე შეჩერებულია ადეიშვილის კუთვნილი 4 პასპორტის მოქმედება.
„ჩვენ მიერ მომზადებულია მასალები ზურაბ ადეიშვილის ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ეს მასალები გადაეგზავნა შსს-ს ინტერპოლის ცენტრალურ ბიუროს თბილისში და თავის მხრივ, ეს ბიურო გადაუგზავნის გენერალურ სამდივნოს რათა, ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცხადდეს ძებნა წითელი ცირკულარით“, - განაცხადა მთავარი პროკურატურის სამმართველოს უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა.