აქტუალური
პრეზიდენტმა ილია მეორე და მსოფლიო პატრიარქი სასახლეში მიიღო

prez-aktual3საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში სტუმრად მყოფი კონსტანტინეპოლისა და ახალი რომის მთავარეპისკოპოსი, მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოს პირველი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.

ქვეყნის მეთაურმა და მსოფლიო პატრიარქმა კიდევ ერთხელ მიულოცეს ილია მეორეს საიუბილეო თარიღები. პრეზიდენტმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დიდ ღვაწლზე ისაუბრა და მის საიუბილეო თარიღს მთელი ერის საყოველთაო ზეიმი უწოდა.

თავის მხრივ, მსოფლიო პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა გულთბილი დახვედრისათვის და დალოცა სრულიად საქართველო.

აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი, სერბეთისა და ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრე ესწრებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბართლომეო პირველს დიდი მადლობა გადაუხადა საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.

„თქვენო უწმინდესობავ, ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი საქართველოში ყოფნა, თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემენ, არა მხოლოდ, როგორც სულიერ მამას , არამედ როგორც გამორჩეულ პიროვნებას. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით თქვენს ჩამობრძანებას, თქვენ საქართველოს ნამდვილად დიდი მეგობარი ბრძანდებით, ძალიან მადლობელი ვართ იმ ღვაწლის გამო, რომელიც თქვენ ერთიანი მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებაში მიგიძღვით, ასევე იმ წვლილისთვის, რაც თქვენ რეგიონებს შორის მოლაპარაკებებში შეგაქვთ.

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თქვენი ვიზიტი დაემთხვა ჩვენი პატრიარქის 35-ე აღსაყდრების წლისთავსა და 80 წლის იუბილეს და ეს დიდი პატივისცემის გამოხატულებაა თქვენი მხრიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვიყვარს პატრიარქი და ამიტომაცაა, რომ საქართველო ასეთი მადლიერია თქვენი. ეს თარიღი არა მხოლოდ პატრიარქის იუბილე, არამედ საერთო ქართული დღესასწაულია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.