სამართალი
პოლიტპატიმრები საპატიმროებს 13 იანვარს დილიდან დატოვებენ

amnistia-samartasli1საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. 13 იანვარს, დილით, პოლიტიკური პატიმრები საპატიმროებს დატოვებენ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტის ვეტოდაძლეულ ამნისტიის კანონზე ხელმოწერისათვის ვადა მიხეილ სააკაშვილს დღეს ეწურება. თუ პრეზიდენტმა დღეს მას ხელი არ მოაწერა, „კანონის ძალაში შესვლა და აღსრულება არ შეჩერდება. 12 იანვარს უკვე პარლამენტის თავმჯდომარე იქნება უფლებამოსილი, მოაწეროს ხელი კანონს და იმავე დღესვე შესაძლებელი გახდება კანონის საჯაროდ გამოქვეყნება, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე“. ამასთან, კანონში ჩადებულია ის პრინციპი, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოხდეს სასამართლოს გარეშე. ანუ იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებისა და პროკურატურის  ერთობლივი მოქმედებით პოლიტპატიმრები დაუყოვნებლივ დატოვებენ ციხეებს.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ სოზარ სუბარის განმარტებით, „როგორც კი ხელი მოეწერება და ძალაში შევა კანონი, მეორე დღეს, დილის ათ საათზე, დაიწყება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ადამიანთა გათავისუფლება დაუყოვნებლივ. ყველგან ერთდროულად გაიღება კარი და 190 ადამიანი დატოვებს ციხეებს“.

რაც შეეხება დანარჩენ პატიმრებს, რომელთაც ამნისტიის კანონი შეეხებათ გათავისუფლებისა თუ სასჯელის შემსუბუქების კუთხით, პარლამენტმა სასჯელაღსრულების სამინისტროს მისცა ორკვირიანი ვადა, რათა ეს საქმეები გადაგზავნილ იქნეს სასამართლოებში და მოხდეს შუამდგომლობის ფორმირება. თუმცა, სოზარ სუბარის თქმით, სამინისტრო მზადაა, პირველსავე დღეს დაიწყოს სასამართლოებში საქმეების გადაგზავნა და იმედოვნებს, რომ სასამართლო ჩაეტევა იმ ორთვიან ვადაში, რაც მას აქვს მიცემული პატიმრების გათავისუფლებისთვის.